aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ელიავას ბაზრობის დირექტორი: დაზარალებულებიდან მხოლოდ ნაწილს ჰქონდა დაზღვევა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ელიავას ბაზრობაზე დამწვარი ობიექტის დირექტორი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, 15-მდე მაღაზიაა სრულად განადგურებული. გოჩა ხეცურიანის განცხადებით, დაზარალებულებიდან მხოლოდ გარკვეულ ნაწილს ჰქონდა დაზღვეული საკუთარი პროდუქცია.

ამ დრომდე დამწვარ ობიექტზე შესვლის უფლება არ აქვთ დაზარალებულებს. ცოტა ხნის წინ, შემოსაზღვრულ ფართობზე მხოლოდ დიდუბის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი შევიდა.

დღესვე დაიგეგმა დაზარალებული მოვაჭრეების, რაიონის გამგებლის და მერიის წარმომადგრნლების შეხვედრა, სადაც გადაწყდება რა ტიპის დახმარებას აღმოუჩენენ დამწვარი მაღაზიების მფლობელებს. შეხვედრას მერის მოადგილე ლაშა აბაშიძე დაესწრება.

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მივიდა. მისი განცხადებით, შექმნილი ვითარება პოლიტიკური მანიპულაციების საგანი არ უნდა გახდეს, რადგან მთავარია დაზარალებულთა დახმარება.

“საუბარია დაახლოებით 30-მდე მაღაზიაზე. დაახლოებით 22-25 მფლობელზე. საშუალოდ თითო დაზარალდა 50 ათასის საქონლით. მნიშვნელოვანია ძალიან სწრაფად შეფასდეს ეს ზარალი, ძალიან სწრაფად მოხდეს აღდგენა და მოფიქრებული იყოს ზარალის ანაზღაურების გზები. აქ შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის ან ცენტრალური მთავრობის ფინანსური დახმარება”,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ და დასძინა, რომ აუცილებელია გამოძიება დროულად დასრულდეს.

“გარდა ამისა, ეს უკვე მეათე ხანძარია და ძალიან მნიშვნელოვანია კითხვებზე პასუხის გაცემა. არ შეიძლება ამდენი ხანძარი იყოს და გამოძიებას არ ჰქონდეს პასუხები. ამასაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება”- აღნიშნა ხოშტარიამ.

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები, 30-მდე სახანძრო მანქანა, 150-მდე მეხანძრე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ცეცხლის ლოკალიზება 3 საათში მოხერხდა. დაშავდა 1 ადამიანი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილის განცხადებით, სახანძრო უსაფრთხოება დაცული არ იყო.

ადგილზე მივიდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი. უდუმაშვილი და ზავრადაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ბიზნესის დიდი ნაწილი დაზღვეული არ იყო.

შემოსავლების სამსახური მზად არის, დაზარალებულებს ზარალი ჩამოაწეროს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....