ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ევროპული საქართველო” გაერთიანებული ოპოზიციის აქციას არ უერთდება

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ევროპული საქართველო” არ აპირებს გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდეს და კვირას გასამართ აქციაზე მიიღოს მონაწილეობა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, ქვეყანაში შევქმნათ პოლიტიკური გარემო, სადაც ხალხს ექნება თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, მშვიდად, თავისუფალი არჩევნების გზით აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელიც სურს. შექმნილ ვითარებაში სრულიად გასაგები და ლეგიტიმურია თითოეული ადამიანის წუხილი, ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის გაპროტესტება უნდა მოხდეს კანონიერი საპროტესტო საშუალებებით. „ევროპულ საქართველოს“ მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის გზა გადის პოლიტიკურ რეფორმებზე და არა საპროტესტო აქციებზე. შესაბამისად, პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულად კვირას დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ჩვენ სრულად ვართ სოლიდარული თითოეული ადამიანის მიმართ, ვინც მიდის აქციაზე საკუთარი პროტესტის გამოსახატად და უსამართლობის გასაპროტესტებლად, მაგრამ პარტია აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციურ სპექტრს დაუყონებლივ კონსულტაციებს გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად”, – განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ “ძალა ერთობაშია” არჩევნების შედეგები არ ცნო. ისინი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ და კვირას აქციის გამართვას აპირებენ. “ძალა ერთობაშია” ოპოზიციურ პოლიტიკურ სპქეტრს მოუწოდებს, რომ შეუერთდნენ ამ საპროტესტო გამოსვლას.

ცესკოს მონაცმეებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

იტვირთბა....