ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დაკავებული მარტვილის გამგეობის თანამშრომელი ბრალდებებს არ აღიარებს

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მარტვილის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის სამსახურის უფროსის მამუკა კეკელიას
ადვოკატმა განუცხადა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა.

“ბატონი მამუკასთვის წარმოუდგენელია და გაუგებარია რაში გამოიხატება მისი ბრალი, რის გამოც არის დაკავებული. თავს უდანაშაულოდ ცნობს. არ გადმოგვცემია ჯერ საქმის მასალები, როცა გადმოგვეცემა უფრო კონკრეტულად მაშინ ვისაუბრებ. ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. გამოძიება მას სამსახურეობრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება,”- განაცხადა ადვოკატმა იულიანე ხურცილავამ.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელის გია ჩიხლაძის ადვოკატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ,რომ გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელი პირები დააკავეს.

იტვირთბა....