aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მუხთარლის ადვოკატი: “გამტაცებლები იყვნენ ძალოვანი უწყების ფორმაში”

aviabiletebi
ავიაბილეთები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ოჯახის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა დღეს პრესკონფერენცია მოაწყო. მისი განცხადებით, წითელი ჯვრის ბაქოს ოფისის წარმომადგენლები მუხთარლისთან ციხეში არ შეუშვეს:

”გუშინ გახდა ჩვენთვის ახალი ფაქტობრივი გარემოებები ცნობილი, რომ გამტაცებლები იყვნენ ძალოვანი უწყების ფორმაში. ეს გარემოებები დიდი ალბათობით გვაფიქრებინებს იმას, რომ შესაძლოა ამ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქროს. ერთადერთი რაც შევძელი, დავუკავშირდი წითელი ჯვრის ბაქოს ოფისს და შევატყობინეთ ეს ინფორმაცია. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, იყო მცდელობა აფგან მუხთარლისთან შესვლის, მაგრამ რაღაც ბიუროკრატიული მიზეზებით არ დაუშვეს მასთან წითელი ჯვარი. აქედან გამომდინარე მის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვები კვლავ საგანგაშოა”, – განაცხადა ჩოფიკაშვილმა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ქართველი ინტერესების დამცველები მოითხოვენ, რომ გამოძიება მთავარმა პროკურატურამ აწარმოოს. როგორც ჩოფიკაშვილმა განაცხადა, ახალი გარემოებებით ირკვევა, რომ საქმე ცდება ძველი თბილისის რაიონის განყოფილების გამოძიების ფარგლებს:

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მივმართოთ მთავარ პროკურატურას, ვინაიდან, ამ დანაშაულის ჩადენის ადგილი არამხოლოდ თბილისია, არამედ ეს დანაშაული გაგრძელდა მთელი გზა, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიაზე. მას თავისუფლება ჰქონდა უკანონოდ აღკვეთილი მთელი გზა ლაგოდეხამდე. ამიტომ ეს აღარ არის უკვე მხოლოდ ძველი თბილისის განყოფილების გამოსაძიებელი საქმე. ასევე ახალი გარემოებებიდან და ინფორმაციებიდან გამომდინარე შეიძლება დაიწყოს გამოძიება იმ თანამდებობის პირების მიმართ, ვისაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ამ დანაშაულთან. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, რომ პროკურატურამ ჩაატაროს სრულყოფილი გამოძიება. იმედს ვიტოვებთ, სრულყოფილი გამოძიება ჩატარდება საქართველოში“, – განაცხადა ჩოფიკაშვილმა.
აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, 29 მაისს, გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, ოჯახის მტკიცებით, მუხთარლი გაიტაცეს და საზღვარზე იძულებით უკანონოდ გადაიყვანეს, ვინაიდან მას პასპორტი თან არ ჰქონია. მათივე მტკიცებით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ასევე 10 ათასი ევრო ჩაუდეს.

დახურული სასამართლო პროცესის შემდეგ 31 მაისს, ბაქოს საბალის რაიონულმა სასამართლომ მუხთარლის 3-თვიანი წინასწარ პატიმრობა შეუფარდა. აფგან მუხთარლის საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებები აქვს წაყენებული.

იტვირთბა....