სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია საავადმყოფოდან გამოწერეს. მისი თქმით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობას გააგრძელებს, თუმცა პროკურატურის მიმართ ნდობა არ მაქვს.
,,ოთარ ფარცხალაძე და პროკურატურა შეთანხმებულად მოქმედებენ, ჩემი პრიორიტეტია ფარცხალაძის კორუფციული საქმიანობის გამოაშკარავება და მინდა ვიხილო იქ, სადაც მისი ადგილია,” – აცხადებს თორდია.
ლაშა თორდია ფიქრობს, რომ მოწმეებზე ზეწოლა განხორციელდა. რაც შეეხება მის გამოკითხვას, აუდიტის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ის გამომძიებლებს სახლში მიიღებს და მათ კითხვებს პასუხს გასცემს.
მისივე თქმით, შესაძლოა უახლოეს დღეებში გამოქვეყნდეს 2016 წელს ერთ-ერთ ბარში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო, რომ მისი ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულებას გაესვას ხაზი, რაც მისი თქმით მისი პიროვნების დისკრედიტაციას ემსახურება. თორდიას თქმით, ამით ორი დღის წინ მომხდარის გადაფარვას შეეცდებიან. ამასთან, აუდიტის სამსახურის უფროსმა არ დააკონკრეტა, რა ხდება 2016 წელს გადაღებულ ვიდეოში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.
ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.
14 მაისს საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მთავარ აუდიტორ ლაშა თორდიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ კონფლიქტის ინიციატორი ლაშა თორდია იყო, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.