ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სახეების, ვახო ბიჭიკაშვილის და ნიკა არაბიძის სოჭში ჩატარებულ კონცერტს და საზოგადოების ნაწილის პროტესტს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება, რომელსაც ამ საკითხზე განმარტებების გაკეთებას სთხოვენ:
“რაც შეეხება ბოლო დღეებში ჩემს მიმართ წამოსულ შეკითხვა/შენიშვნა/პრეტენზიებს ვახო ბიჭიკაშვილის და ნიკა არაბიძის სოჭში სტუმრობასთან დაავშირებით:
1. ამ პრეტენზიების ადრესატი მე რატომ ვარ, დიდად არ მესმის – რ2ის თანამშრომლების დამატებითი შემოსავალი ჩვენს მიერ არ კონტროლდება (თუ ეს კონკურენტ მედიებს არ ეხება), მით უფრო, შინაარსობრივად.
2. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია (ამერიკაში), ფასიანი კონცერტი იყო ქართული აუდიტორიისთვის (პრაქტიკულად, კორპორატივი) და არავითარი კავშირი არ ქონია არც რუსეთის სახელმწიფოსთან და არც სულგაყიდულ რუსქართველა რომელიმე ნაძირალასთან. შესაბამისად, ამ ხალხმა თავისი პროდუქტი იქ გაყიდა და თუ ეს არ შეიძლება, მაშინ უნდა ვშფოთავდეთ ბორჯომის და ქართული ღვინის რუსეთში გაყიდვაზეც. პროდუქტი ვის რა აქვს, მნიშვნელობა არ აქვს. პროდუქტი პროდუქტია.
3. პირადად მე რაც შემეხება, რაკიღა ჩემი აზრით დაინტერესდნენ – რუსეთში კონცერტს არ ჩავატარებდი, არც მამულიშვილთა თხოვნით და არც არანაირ ანაზღაურებად. იქაური ჰაერიც მეზიზღება, დიდი ბოდიში ყველასთან. მეტიც – ღვინოს რომ ვაწარმოებდე, იმასაც არ გავიტანდი. არც ბორჯომს. მაგრამ ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა და მისი განზოგადება არ იქნებოდა სწორი.
ესაა ჩემი კომენტარი და ნუღარ შემაწუხებთ თაგებით. მგონი გასაგებად გადმოვეცი ჩემი აზრი. გმადლობთ ყურადღებისთვის.” წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
მომღერალმა ნინო ჩხეიძემ სოჭში, ქართველი აუდიტორიისთვის კონცერტი გამართა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ “კომედი შოუს” მსახიობები ვახო ბიჭიკაშვილი და ნიკა არაბიძე, რომლებიც კონცერტს უძღვებოდნენ, ამ ყველაფერს ქართულ საზოგადეობაში არაერთგვაროვანი აზრი მოჰყვა, რამაც კამათი გამოიწვია, გთავაზობთ ერთ-ერთ “ფეისბუქ” პოსტს.
“იმ ოკუპანტის გართობა, რომელიც ამ წუთებშიც აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და ასწლეულებია დაუნდობლად გვებრძვის, ეროვნული სირცხვილია❗❗❗
ვერ წარმომედგინა თუ ასეთ შეცდომას დაუშვებდნენ ნიკა არაბიძე, ვახო ბიჭიკაშვილი და ნინო ჩხეიძე. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და შეუძლებელია ასეთი საქციელის გამართლება❗❗❗
არსებობს ისეთი ღირებულებები, რომელსაც არასდროს არ უნდა გადააბიჯოს არც ერთმა თავმოყვარე ადამიანმა, ჩემთვის ყველა ერთია ვინც უმღერებს ან უცეკვებს ოკუპანტს, ყველა უთავმოყვარეოა❗❗❗
ეს არის სამარცხვინო ფაქტი, ოკუპანტის სცენაზე ნებისმიერი გასტროლოს წინააღმდეგი ვარ, სხვაგან წადით არ შეიძლება? ომში დაღუპული ჩვენი ვაჟკაცების საფლავებზე ცეკვის ტოლფასია ნებისმიერი ქართველი ადამიანის რუსულ სცენაზე დგომა❗”-წერს მჭედლიძე.
ცნობისთვის, მანამდე, “მხიარულთა და საზრიანთა” გუნდის (КВН-ის) ქართველი წარმომადგენლების მოსკოვში გამართულ წარმოდგენას “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მონაწილეებს “ჩმორები” უწოდა.