აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იქ არ არის ჩემი შვილის საფლავი”: აქციაში მონაწილე დედამ ჩვენება შეცვალა

„ქსანი-სტეფანწმინდის“ დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით ფეისბუქმომხმარებელი ივანე აფციაური სოციალურ ქსელში წერს:

“სული გამიყინა,  გული გამიჩერა ამ შვილმკვდარი დედის სიტყვებმა ( 19 წლის ბიჭი დაეღუპა აფხაზეთის ომში)… მკვდრებს საფლავებიდან თხრიან და ცოცხლებს ცოცხლად გვმარხავენ… რა ხდება?! სად არის კანონი, სამართალი- პოლიციის და სპეცრაზმის ძალით ანგრევენ საფლავებს და სალოცავებს,  არაფერს არ ერიდებიან!!! ბუნების განადგურება- ხალხზეც იფიქრეთ! გავა წლები და ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ.  ამ ისტორიული და რეკრეაციული ადგილის განადგურება არავის შერჩება. ვიბრძოლებთ ბოლომდე. მთელი ხეობა საფრთხეშია.”-წერს აფციაური.

თუმცა, ქალბატონმა ნინო წიკლაურმა  ტელეკომპანია “იმედთან”  განაცხადა, რომ  მისი შვილი მუგუდაში დაკრძალული არ არის:

“(საფლავი) დაზიანებული არ არის. იქ არ არის ჩემი შვილის საფლავი. უბრალოდ, რომ დავინახე საფლავები ითხრებოდა, წარმოვიდგინე, რომ  ჩემი შვილი სადაც არის დასაფლავებული ის ადგილი რომ ამ მდგომარეობაში მენახა”, – ამბობს ნინო წიკლაური “იმედთან” საუბარში.

აქციის მონაწილის თქმით, ის მეზობელ სოფელში, ხანდოში ცხოვრობს და მისი შვილიც სწორედ იქ არის დაკრძალული.

წინა დღეებში კი ნინო წიკლაური ამბობდა, რომ “ენერგოტრანსის” თანამშრომლებმა მისი შვილის საფლავი დააზიანეს, რომელიც აფხაზეთში იბრძოდა. შემდეგ კი ფაქტის მიჩქმალვის მიზნით, როგორც ნინო წიკლაური ამბობს, საფლავს ისევ მიწა დააყარეს. თუმცა “იმედთან”  ნინო წიკლაურმა ეს ინფორმაცია უარყო.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დამონტაჟების საკითხთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, რამდენიმე დღეა დესტრუქციული ძალები ვითარებას ძაბავენ:

„ეს არიან ადამიანები, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყანაში ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას და ეკონომიკურ განვითარებას. ისინი ცდილობენ დეზინფორმაციული განცხადებებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თითქოს ეს გადამცემი ხაზები აზიანებს ჯანმრთელობას და იწვევს მეწყერებს. ამასთან, დაგვადანაშაულეს ვანდალიზმში, თითქოს საფლავებს ვანადგურებთ. ეს სიცრუეა.

რაც არ უნდა თქვან მტრებმა, ჩვენ ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ხალხის სასიკეთოდ”-განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალისა და მუგუდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობის წინააღმდეგ აქციები იმართება. ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ “ენერგოტრანსის” თანამშრომლებმა მისი შვილის საფლავი დააზიანეს.

13 მაისს, დუშეთის სოფელ ჭართალში მოსახლეობამ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მონტაჟი სოფლის სასაფლაოზე გაპროტესტა. „ქსანი-სტეფანწმინდის“ დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, მაღალი ძაბვის გადამცემებზე მოსახლეობას რაღაც ჯგუფები მცდარ ინფორმაციას აწვდიან.

რამდენიმე დღის წინ, მოსახლოებამ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა დუშეთში, სოფელ ხანდოსხევშიც გააპროტესტა. მთიულეთში სპეციალური დანიშნულების რაზმის ასვლის შემდეგ კი მძიმე ტექნიკამ მუშაობა განაახლა. ადგილობრივები ამბობენ, რომ არც პოლიციის და არც სპეციალური დანიშნულების რაზმის არ ეშინიათ. ადგილობრივები ყველა სამართლებრივ გზას მიმართავენ, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის ენერგოპროექტმა გეოგრაფიულად მიმართულება შეიცვალოს. მთიულები ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სთხოვენ, პროექტს გადახედონ და ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზებისთვის ალტერნატიული, დაუსახლებელი ტერიტორია მოძებნონ

https://www.youtube.com/watch?v=1G6i55o-VBk

 

#ფასანაურს.. სოფელ მუგუდას სპეცრაზმი "იცავს" რომ მოსახლეობამ ხელი არ შეუშალოს საფლავების და უძველესი აკლდამების განადგურებაში. უყურეთ რეპორტაჟს..დავით ქაშიაშვილი ფასანაურის და მთიულების სახელით მადლობა ამ რეპორტაჟისთვის..#არაუსამართლობას#არამთისგანადგურებს

Gepostet von ივანე აფციაური am Samstag, 13. Mai 2017

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....