9 აპრილს, ბუდაბეშტის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში გამოძიება ბრალდებულებს ანგარებით განზრახ მკვლელობას ედავება. საქმის პროკურორის ინა გუგუშვილის განცხადებით, მკვლელობის მოტივი მოკლულის სახლიდან 200 ათასი დოლარის წაღება იყო.
“არსებობს მოწმეთა ჩვენებები და მტკიცებულებები, რომელიც ბრალის წარდგენის საშუალებას იძლევა. ბრალდებულთა მიმართ ზეწოლა არ განხორციელებულა, დაკითხვის დროს შეთავაზებული იყო ადვოკატი, თუმცა მათ მიერ არ იყო ადვოკატის ყოლის სურვილი გამოთქმული”, – განაცხადა პროკურორმა ინა გუგუშვილმა.
ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ბონდო ბათიაშვილი პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე აცხადებს, რომ ბრალდებულები ადვოკატის გარეშე დაიკითხნენ და აღიარეს დანაშაული, მაგრამ “საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში, მათი ჩვენება ვერ მოდის თანხვედრაში”, – ამბობს ადვოკატი.
მისი განცხადებით, ჩვენებაში ბრალდებულები აცხადებენ, რომ იყვნენ ბაბუასთან ასულები, სულ სხვა სიტუაციასა და გარემოებაში და აღნიშნავენ, რომ მათ მკვლელობა დაგეგმილი არ ჰქონიათ. ადვოკატის განმარტებით, გამოძიებით დადგენილი არ არის, რომ მკვლელობა სწორედ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბაბუის სახლში ყოფნის პერიოდში მოხდა. აქედან გამომდინარე, ბონდო ბათიაშვილის დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
“პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებს სახლში 200 000 დოლარი ეგულებოდათ, ამ დროს კი ედავებიან, უნივერსიტეტის სწავლის საფასურის 335 ლარის წაღებას”, – ამბობს ადვოკატი.
ბონდო ბათიაშვილი პროკურატურის მიერ წარმოდგენილ წერილზეც ლაპარაკობს, რომელშიც პროკურატურის მტკიცებით, ჩანს, რომ ბრალდებულები 77 წლის კაცის მკვლელობას გეგმავდნენ. ადვოკატი ამ წერილთან დაკავშირებით ამბობს, რომ “წერილში გარდაცვლილზე ლაპარაკი საერთოდ არ ყოფილა”.
13 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორ ბრალდებულს აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. მომდევნო სასამართლო პროცესი 3 ივლისს არის ჩანიშნული.