ტყიბულში დაღუპული მეშახტეები დაკრძალეს. სამგლოვიარო პროცესიამ საყვირების ფონზე ჩაიარა. ალეკო ჭელიშვილი, გიზო კუბლაშვილი, ბიქტორ დაღუნდარიძე და გიზო გუბელიძე სატვირთო ბადიაზე ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას დაიღუპნენ.
მათ ოჯახებში პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა.
“ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, შრომის ინსპექცია შექმნილია, შესაძლოა, გასააქტიურებელიც იყოს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ტექნიკურ ზედამხედველობას. ეს საკითხიც განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
დაღუპული მეშახტეების ოჯახებში მივიდნენ სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული აქტივისტები და საწარმოებში დასაქმებულები.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტიში უბედური შემთხვევა 9 მაისს მოხდა – ბაგირის გაწყვეტის შედეგად 4 მეშახტე 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. სამაშველო ოპერაცია 14 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხედრების ექსპერტიზა და იდენტიფიცირება ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდა.
შესაბამის სამსახურებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის უფროსი და შრომის ინსპექტორების ჯგუფი.
განცხადებები გაავრცელეს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.
მომხდარს გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
სამოქალაქო სექტორმა, “აუდიტორია 115”-მა და რკინიგზის პროფკავშირებმა პარლამენტთან აქცია გამართეს.