ყოფილმა მთავარმა პროკურორმა 1 130 000 აშშ დოლარის ქონება შეიძინა. ინფორმაციას ამის შესახებ, “რეგინფო” ავრცელებს. გამოცემამ ყოფილი მთავარი პროკურორის დეკლარაცია შეისწავლა, მთავარი პროკურორობისა და თანამდებობიდან წასვლის შემდეგ.
გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ და მისმა მეუღლემ 2015-2016 წლებში შეიძინეს თბილისში მდებარე 3 ბინა და 4 კომერციული ფართი, ასევე ქალაქ ბათუმში მდებარე ბინა, დაბა ბაკურიანში მდებარე 2 ბინა და ტაბახმელაში, სოფელ წავკისში მდებარე 4 მიწის ნაკვეთი. მანვე 2016 წლის 29 ივნისს იყიდა უძრავი ქონების კომპანია შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის“ 100 % წილიც. შეძენილი ქონების საერთო ღირებულება დაახლოებით 1 130 000 აშშ დოლარს შეადგენს.
ოთარ ფარცხალაძე 2013 წლის 21 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე, სადაც 2014 წლის 3 იანვრამდე მუშაობდა. მანამდე იგი ფინანსთა სამინისტროში საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
2013 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძის ოჯახის საკუთრებაში მხოლოდ ერთი უძრავი ნივთი ირიცხებოდა – მისი მეუღლის ქეთევან ცქვიტინიძის სახელზე რეგისტრირებული ბინა, რომელიც ქალაქ თბილისში, მგალობილიშვილის ქუჩა №13-ში მდებარეობს.
იმავე წელს ქვეყნის მთავარმა პროკურორმა 140 000 აშშ დოლარად შეიძინა თბილისში, ჯანაშიას ქუჩა №28-ში მდებარე ბინა.