ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახდა

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლოლიკაშვილი თანამდებობას 2021 წლამდე დაიკავებს.

„აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს კანდიდატი არჩეულ იქნა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე.

არჩევნები ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 105-ე სესიის ფარგლებში გაიმართა ქ. მადრიდში. ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

საერთაშორისო ორგანიზაციის წამყვან მმართველ თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატურის არჩევა ხაზს უსვამს საქართველოს როლს და მის მისწრაფებას წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მმართველობის განხორციელებაში.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევა ასევე წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას ტურიზმის სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების კუთხით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს ყველა წევრ-ქვეყანას მხარდაჭერისთვის, გულითადად ულოცავს ელჩ ზურაბ პოლოლიკაშვილს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მისი ახალი, მნიშვნელოვანი მისიის განხორციელებისას“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

იტვირთბა....