ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოფელ ქვეშთან დაკავებული კობა ხუბულაშვილი ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

სოფელ ქვეშის განაპირას დაკავებული 47 წლის კობა ხუბულაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

”არანაირი ე.წ. საზღვარი არ გადამიკვეთავს. საკუთარ ბაღში ვიყავი, როდესაც ერთ-ერთი შეიარაღებული ზურგიდან მომეპარა, მალე მეორეც გამოჩნდა და იარაღის მუქარით წამიყვანეს ოსური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით. იძულებით გადამიყვანეს მავთულხლართების იქით, საიდანაც ოკუპირებული ტერიტორია იწყება და შემდგომ სურათები გადამიღეს თითქოს ე.წ. საზღვარი თავად გადავკვეთე. აღნიშნულმა ე.წ. მესაზღვრეებმა დამხმარე ძალაც გამოიძახეს. ”კამაზის” მარკის სამხედრო ავტომანქანით 4 ფორმიანი მოვიდა და ჯერ სოფელ არცევში მდებარე სამხედრო ბაზაზე გადამიყვანეს, სადაც დამკითხეს, შემდეგ კი ცხინვალის მილიციის იზოლატორში. მოთხოვნილი 2000 რუსული რუბლი ჩემმა ახლობლებმა გადაიხადეს, რის შედეგადაც გამათავისუფლეს”, – განაცხადა კობა ხუბულაშვილმა.

კობა ხუბულაშვილი ე.წ. მესაზღვრეებმა 9 მაისს დააკავეს. მისი საკითხი ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზეც განიხილეს და დაკავებულის გათავისუფლებას მისი ოჯახი მეორე დღეა ელოდება.

ქვეშის მკვიდრი ოკუპანტებმა საკუთარ ბაღში დააკავეს.

იტვირთბა....