ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 84 %-სთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“(NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს მიესალმება. კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 84% აცხადებს, რომ მისაღებია, 11% აღნიშნავს, რომ მიუღებელია, ხოლო 5 %-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

კითხვას, თქვენი აზრით, ჩამოთვლილთაგან, რომელი დაეხმარება ყველაზე მეტად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში, გამოკითხულთა 29% ნატო-ში გაწევრიანებას ასახელებს, 16%  – საქართველოს მიერ საკუთარი ძალებით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ხოლო 11% – ევროკავშირში გაწევრიანებას. გამოკითხულთა 14% შეკითხვას პასუხობს, რომ არ იცის.

გამოკითხულთა 20% მიიჩნევს, რომ თუ საქართველო ახლა შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, ევროკავშირის წევრი მომავალ ხუთ წელიწადში გახდება. გამოკითხულთა 18% ფიქრობს, რომ 10 წლის შემდეგ, 10% კი მიიჩნევს, რომ არასდროს. კითხვაზე პასუხი არ იცის 32%-მა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინა. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ​წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2,493 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა.

იტვირთბა....