საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში კონსტიტუციის ახალი პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვისას პარლამენტის არჩევის ახალი წესი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა:
„სხვისი ხმების საკუთარ ხმებად მიწერა არა მარტო სამართლიანი არ არის ჩემთვის, გარკვეულწილად ვფიქრობ, რომ ძლიერმა პარტიამ ეს არ უნდა იკადროს. რად უნდა სხვისი ხმები? აქაც გასაგებია, რომ თურმე იტალიაში ასე ხდება, ბარიერი ასეთია. სიმართლე გითხრათ, ასეთი მეცნიერული მიდგომა ჩემთვის რთულია. იქ თურმე ბარიერი ამდენია, ბლოკი ამდენია, ორპალატიანი პარლამენტია, შინაარსი ერთი და მარტივია, ხო? სხვისას ნუ მიიწერ. იტალიაში თუ ეგეთი ტრადიციაა, კაცი რომ გადის ოჯახიდან თავის პალტოს ჩაიცვამს, მერე სხვის ქუდსაც დაიხურავს და წაიღებს, ჩვენთანაც ხომ იგივე ტრადიცია არ უნდა იყოს? მე არ ვიცი იტალიაში რატომ არის ასე. ჩვენთან მარტივად უნდა იყოს, მიიღე ხმა – აიღე ის ხმა შენია. არ მიიღე ხმა – რატომ უნდა წაიღო ეს ხმა, გაუგებარია. მარტივად გავაკეთოთ როგორც არის, რაც შენია შენია. რაც შენი არ არის, არ არის შენი. ამაზე მარტივი სათქმელი რა არის? თუ იტალიაში სხვანაირად არის, რა ვიცი, არ გავზრდილვარ იტალიაში და სადაც გავიზარდე, ასე იყო, რომ რაც შენია, შენია, რაც არ არის, არ არის. ამაზეც პოლიტიკურ პარტიებს ვკითხოთ ჭკუა. ეს ხომ მათი სათამაშო მოედანია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.