ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურამ პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 6 პირი დააკავა

მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები – მალხაზ ღვინიაშვილი, ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გუგუციძე, დავით ჩიხლაძე და დავით ნოზაძე დააკავეს:

“საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები – მალხაზ ღვინიაშვილი, ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გუგუციძე, დავით ჩიხლაძე და დავით ნოზაძე დააკავეს, ხოლო ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოლეგ ფაცაცია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში,  პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ოლეგ ფაცაციას, ნუგზარ მარღიას, მალხაზ ღვინიაშვილის, ზაზა ხარაიშვილის, ვახტანგ გუგუციძის, დავით ჩიხლაძის და დავით ნოზაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას. დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პატიმრებს N8 დაწესებულებაში შესახლებისას, განურჩევლად უსწორდებოდნენ ძალადობრივი მეთოდებით, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება.
ბრალდებულთა  ქმედებების შედეგად პატიმრებს უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის  და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. გარდა აღნიშნულისა, პატიმრებს აიძულებდნენ თანხმობა განეცხადებინათ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციასთან ფარულ თანამშრომლობაზე. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პატიმრების  საკნიდან თვითნებურად გაყვანას და დაწესებულების კორპუსში მდებარე აბანოში განთავსებას, სადაც ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით ხდებოდა მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება. ამასთან, პატიმართა მორალური ტანჯვის მიზნით, ადგილი ჰქონდა მათ მოთავსებას სასჯელაღსრულების დაწესებულების მორგში გარდაცვლილ პირებთან ერთად, სადაც პატიმრებს ამწყვდევდნენ გარკვეული დროის მანძილზე.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა 600-მდე მსჯავრდებული, რომლებიც სხვადასხვა დროს განთავსებული იყვნენ  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი. როგორც გამოძიებით დადგინდა, პატიმრების მიმართ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა N8 დაწესებულებაში გახლდათ დანერგილი პრაქტიკა, რასაც ჰქონდა სისტემური ხასიათი და გამიზნული იყო პატიმართა დამცირების, დაშინებისა და უსიტყვო მორჩილებისკენ. განსახილველი საქმე არის კომპლექსური და მრავალეპიზოდიანი. ზემოთ დასახელებული  ფაქტების გარდა, საქმეზე დაკითხული ათეულობით მოწმე ბრალდებულებს ამხელს სხვა, არაერთ ძალადობრივ ეპიზოდში. მაგალითად, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს ოლეგ ფაცაციას, დაკითხული მოწმეებიდან ამხელს 200-ზე მეტი პირი. ამავე განყოფილების თანამშრომელს მალხაზ ღვინიაშვილს, რომელსაც პატიმრები ზედმეტსახელად მოიხსენიებდნენ -„ლისი“ იგივე „ფაშისტის“ სახელით, ძალადობაში და არაადამიანურ მოპყრობაში ამხელს 100-ზე მეტი პირი. ბრალდებულის სახით დაკავებულ ზაზა მარღიას, ვახტანგ გუგუციძეს და დავით ჩიხლაძეს ძალადობაში და არაადამიანურ მოპყრობაში ასევე ამხელს საქმეზე დაკითხული ათეულობით პირი. გამომდინარე აღნიშნულიდან, გამოძიება ინტენსიურად გრძელდება სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენის და დანაშაულთან დაკავშირებული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით  (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დამცირება, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს მათ.), რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

იტვირთბა....