მთავრობასთან შეთანხმებით, ჩვენ კომიტეტი, ჯანმრთელობის უფრო მაღალი რისკის შემცველ საწარმოებში სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით საკითხს წამოვაყენებთ, -ამის შესახებ “მეტრონომს” ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა. მისივე თქმით, რაც შეეხება კომპენსაციის რაოდენობას, სასამართლოს დღესაც შეუძლია მისი გაზრდა, თუ დამქირავებლის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა:
“სავალდებულო კომპენსაცია ფინანსურ მოტივაციას შექმნიდა თითოეული მესაკუთრისთვის, რათა დაიცვან დასაქმებულების ინტერესები. ასევე მნიშვნელოვანი იქნება რომ შრომით ინსპექციას გაეზარდოს ფუნქციები. შრომით ინსპექციას მიეცემა სანქციებისა დაწესების უფლება, თუ დარღვეული იქნება შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ “მეტრონომთან”.
ტყიბულში დაღუპული 4 მეშახტის თვიური ანაზღაურება 550-600 ლარი იყო, -ამის შესახებ მეშახტე ლევან ბეშკენაძემ გადაცემა “პრიორიტეტში” განაცხადა. მისივე თქმით, მათ სადაზღვეო კომპანიების დაზღვევა აქვთ, თუმცა ისინი მხოლოდ თითო დაღუპულის ოჯახზე 10 ათას ლარს გასცემენ.
ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში ოთხი ადამიანი სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და შახტაში ჩავარდა. შსს-ს ცნობით, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.