ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ადამიანის სიცოცხლისადმი დაუდევარი დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოების დიდი პრობლემაა”

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ადამიანის სიცოცხლისადმი დაუდევარი დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოების დიდი პრობლემაა. ეს არ ეხება მხოლოდ შრომის პირობებს, ეს ეხება ყველაფერს – ისეთი რუტინის ჩათვლით, როგორიც ქუჩაზე გადასვლაა. მთავარი მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირეა, რომლის აღმოფხვრასაც დრო და სწორი პოლიტიკა სჭირდება.

ამ ხნის განმავლობაში მე ერთადერთ შემაკავებელ ფაქტორად სასამართლო მიმაჩნია. სიცოცხლეს დაღუპულებს ვერავინ დაუბრუნებს, მაგრამ ოჯახებმა რომ სასამართლოს მეშვეობით მაღალი კომპენსაცია მიიღონ, რაც დამსაქმებელს იმაზე დიდ ხარჯად დააწვება, ვიდრე უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ შეიცვლება მომავალი.

არაა საჭირო ბიუროკრატიის გაზრდა ხალხის ხარჯზე და ინსპექტორების გამოგონება – სასამართლომ უნდა იმუშაოს. თუ სასამართლო ვერ მუშაობს, ვერც შრომის ინსპექტორი იმუშავებს – ე. ი. პოლიტიკური ნება არაა”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ტყიბულში დაღუპული 4 მეშახტის თვიური ანაზღაურება 550-600 ლარი იყო, -ამის შესახებ მეშახტე ლევან ბეშკენაძემ გადაცემა “პრიორიტეტში” განაცხადა. მისივე თქმით, მათ სადაზღვეო კომპანიების დაზღვევა აქვთ, თუმცა ისინი მხოლოდ თითო დაღუპულის ოჯახზე 10 ათას ლარს გასცემენ.

ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში ოთხი ადამიანი სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და შახტაში ჩავარდა. შსს-ს ცნობით, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

იტვირთბა....