საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ოთარ სიჭინავა სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ კენჭისყრაზე მიიღო. ოთარ სიჭინავას საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
ასევე, ამავე სასამართლოში მიხეილ ჩინჩალაძეც უვადო მოსამართლედ გამწესდა. მანაც საბჭოს წევრთა 11 ხმა მიიღო.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე, კანდიდატების კენჭისყრა მიმდინარეობს. დღეს სულ 77 კანდიდატს უყრიან კენჭს.
შეგახსენებთ, რომ სულ 108 კანდიდატი დარეგისტრირდა. აქედან 101 კანდიდატი გამოცხადდა გასაუბრების პირველ ეტაპზე, საიდანაც 79 კანდიდატი შეირჩა, თუმცა 79-დან ორმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მოსამართლეთა დიდი ნაწილი მეორე ეტაპის გადალახვის შემთხვევაში სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნება, გარდა საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, რომლებიც უვადოდ გამწესდებიან.