ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტყიბულში დაღუპული 4 მეშახტის თვიური ანაზღაურება 550-600 ლარი იყო

ტყიბულში დაღუპული 4 მეშახტის თვიური ანაზღაურება 550-600 ლარი იყო, -ამის შესახებ მეშახტე ლევან ბეშკენაძემ გადაცემა “პრიორიტეტში” განაცხადა. მისივე თქმით, მათ სადაზღვეო კომპანიების დაზღვევა აქვთ, თუმცა ისინი მხოლოდ თითო დაღუპულის ოჯახზე 10 ათას ლარს გასცემენ:

“იმ ბიჭების ანაზღაურება, რომლებიც შახტაში დაიღუპნენ, შეადგენდა 550-დან 600 ლარამდე. მე არ მინდა ამასთან დაკავშირებით ჩემი შეფასება დავაფიქსირო, საზოგადოებამ შეაფასოს- 600 ლარად კი არა, საერთოდ რამის ფასად თუ უნდა იღუპებოდნენ ადამიანები შრომის ადგილებზე.

სიცოცხლის რისკია ყველა მეშახტის ჩასვლა შახტაში. დაზღვეულები ვართ. ჩვენ სახელმწიფოსგან შეფასებულები ვართ 10 ათას ლარად, რაც გულისხმობს მხოლოდ გასვენების და სასაფლაოს მოწყობის ხარჯებს. ჩვენი სადაზღვეო პაკეტი სამუშაო ადგილზე დაღუპვის შემთხვევაში გულისხმობს, რომ სადაზღვეო კომპანიები ამ ოთხი დაღუპულიდან თითოსთვის გადაიხდიანი 10 ათას ლარს, ეს კიდევ სახელმწიფო პოლიტიკიდანაა გამოწვეული. აი, ამდენად უღირს ამ სახელმწიფოს ეს ადამიანები”, – განაცხადა ლევან ბეშკენაძემ.

ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში ოთხი ადამიანი სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და შახტაში ჩავარდა. შსს-ს ცნობით, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

იტვირთბა....