გერმანია შეშფოთებით ადევნებს თვალს იმ ფაქტს, რომ რუსეთი არანაირ ძალისხმევას არ მიმართავს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობდა ხელს. პირიქით, როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში ტენდენცია საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის, – ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის მთავრობის სპიკერატის კომენტარში, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წერილობითი კითხვების პასუხად მიიღო.
საზოგადოებრივი მაუწყებელი დაინტერესდა, როგორ აფასებდა გერმანიის კანცლერი იმ ფაქტს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ბიბილოვი სოჭში უშუალოდ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ მიიღო და შესაბამისი კითხვებით გერმანიის კანცლერის ოფისს მიმართა.
როგორც გერმანიიის მთავრობის სპიკერატის წერილობით პასუხშია აღნიშნული, გერმანია პატივს სცემს საქართველოს განუყოფელ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
“გერმანია პატივს სცემს საქართველოს განუყოფელ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, საერთაშორისო სამართლის თანახმად, საქართველოს ნაწილებს წარმოადგენენ. ფედერალური მთავრობა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემას მოელის და შესაბამისად, ბევრჯერ გამოთქვა ეს მოლოდინი.
გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჟენევის საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიზნით გაწეული ძალისხმევის კონსტრუქციულ გაგრძელებას. გერმანია გააგრძელებს თბილისის მხარდაჭერას სეპარატისტული რეგიონების რეინტეგრაციის, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების და რესეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბების კუთხით. გერმანია შეშფოთებით ადევნებს თვალს იმ ფაქტს, რომ რუსეთი არანაირ ძალისხმევას არ მიმართავს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობდა ხელს. პირიქით: როგორც აფხაზეთის ისე სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში ტენდენცია საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის“,-ნათქვამია გერმანიის მთავრობიდან მიღებულ პასუხში.