აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რა მიზნით ჩაფრინდა ბეჟუაშვილი ვერტმფრენით ტყიბულში ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე

„მეტრონომის“ ექსკლუზივი: ტყიბულის მაღაროში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ავტორი: ელზა პაპოშვილი

რა მოხდა წუხელ ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში და რამ გამოიწვია 4 მუშის გარდაცვალება. ვინ არის პასუხისმგებელი იმ ადამიანების სიცოცხლეზე და იყო თუ არა მაღაროში უსაფრთხოების ნორმები დაცული. რატომ არის ტყიბულის მაღაროსთან დაკავშირებული პრობლემები აუღებელი ციხე-სიმაგრე და ვინ ლობირებს მის მფლობელ დავით ბეჟუაშვილს ხელისუფლებაში. ამ კითხვებს ტყიბულელი მაღაროელები და ადგილობრივი მცხოვრებლები „მეტრონომთან“ საუბრისას სვამენ. ასევე, „მეტრონომი“ ესაუბრა სანდო წყაროს, რომელიც კარგად არის ჩახედული ტყიბულის მაღაროს საქმიანობაში.

ოფიციალური ინფორმაციით, 2010 წლიდან დღემდე, ბოლო შემთხვევის ჩათვლით, ტყიბულის შახტაზე 24 ადამიანი გარდაიცვალა და 19 დაშავდა. არცერთ ამ შემთხვევაზე პასუხისგებაში არავინ მიუციათ.

“ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ბოდიში პირდაპირობისთვის, მაგრამ ეს სიმართლეა.

ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას. უბრალოდ, სირცხვილია, მეგობრებო” – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას.

„მეტრონომს“ სანდო წყარომ, რომელიც ტყიბულის მაღაროს საქმიანობაში კარგადაა ჩახედული, აცნობა, რომ შახტაზე უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე, 9 მაისს, შახტის მფლობელი დავით ბეჟუაშვილი და ტყიბულის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე სტუმრობდნენ.

როგორც წყარო გვეუბნება სწორედ მათი წასვლის შემდეგ დაიწყო ის სარემონტო სამუშაოები, რომელმაც მეშახტეების სიცოცხლე იმსხვერპლა. მისი ინფორმაციით, დავით ბეჟუაშვილს „ქართულ ოცნებაში“ სეროზული მფარველები ჰყავს.

ვინ არის ბეჟუაშვილის მფარველი? ჩვენი წყარო გვეუბნება, რომ ისინი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელები არიან. მისი ინფომაციით, ელგუჯა გოცირიძე ბეჟუაშვილის მარჯვენა ხელია, რომელმაც წინა წელს გაფიცული მაღაროების აქციის ჩახშობაში და მართვაში დიდი წვლილი შეიტანა. მისი თქმით, გოცირიძე არის ადამიანი, რომელიც ბეჟუაშვილს მეშახტეების ე.წ. გაკონტროლებაში ეხმარება და თავად აქციის ორგანიზატორებსაც მართავს.

„მეტრონომი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად ტყიბულის მაღაროს დირექტორს ჯამბულ ჯაყელს დაუკავშირდა. ჯაყელმა ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ 9 მაისს შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე დავით ბეჟუაშვილი ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა მასთან ერთად „ქართული ოცნების“ დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე არ ყოფილა. დეპუტატი მაღაროზე მხოლოდ უბედური შემთხვევის შემდეგ მივიდა.

ჯაყელი „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ დავით ბეჟუაშვილის მაღაროში მისვლის მიზეზი გერმანიიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები იყვნენ, რომლებსაც შახტა დაათვალიერებინეს. ჯაყელის თქმით, მაღაროს მფლობელი დავით ბეჟუაშვილი დიდ პროექტს ახორციელებს, რომელიც ნახშირის მოპოვების გაზრდას და ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება. სტუმრებიც სწორედ ამ პროექტის გასაცნობად მაღაროს ეწვივნენ.

მისი თქმით, შახტაზე რემონტი, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა თვეში 20-ჯერ ტარდება და ასეთ შიდა საკითხებში დავით ბეჟუაშვილი არ ერევა. ეს არის ტექნიკური საკითხები, რომელშიც არც დირექტორი და არც მფლობელი არ არის უფლებამოსილი პირი. ჯაყელის განცხადებით, იყო თუ არა სამუშაო პროცესში უსაფრთხოებს ნორმები დარღვეული, ამას გამოძიება დაადგენს, ამიტომაც მანამდე რაიმე კონკრეტული განცხადებისგან თავს შეიკავებს.

„9 მაისს, 4 მეშახტე, საღამოს საათებში ნახშირის ამოსაღები ბადის ბაგირს ცვლიდნენ. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, ამწევი დანადგარი ასხლტა საფიქსაციო საყრდენიდან და შახტაში ჩავარდა, რომლის სიღრმე 350 მეტრზე მეტია, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ფაქტობრივად მე-100  სართულიდან ჩაცვივდნენ და ზეინკლები, რომლებიც ამ დროს დანადგარის თავზე იმყოფებოდნენ, თან ჩაიყოლეს.

ბაგირებს თვეში რამდენჯერმე ვამოწმებთ, ვაგზავნით ლაბორატორიაში და იქიდან მიღებული პასუხის შემდეგ ვიწყებთ მის შეცვლას. რამდენად არის გაცვეთილი ბაგირი და მისი შეცვლა რა სიხშირით უნდა განვახორციელოთ. სწორედ ამ ბაგირზე, რომელსაც გუშინ მუშები ცვლიდნენ, ორი დღის წინ ლაბორატორიიდან პასუხი მივიღეთ, რომ ის უნდა შეცვლილიყო.

ამის შემდეგ გავეცი ბრძანება და მორიგე ბრიგადამ  მისი შეცვლა დაიწყო. ჩვენ ასეთ სამუშაოებს დასვენების დღეებში ვაკეთებთ, რათა ნახშირის ამოღება არ შეფერხდეს. აი ეს იყო ის სამუშაო, რომელიც სამწუხაროდ მსხვერპლით დასრულდა და ძალიან კარგი ადამიანები დავკარგეთ.

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, გუშინ ყველამ ნახა და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ადგილზე გაეცნენ სიტუაციას. არ მინდა გამოძიების დასრულებამდე რამე განცხადება გავაკეთო. გამოძიება დაწყებულია და მის შედეგებს დაველოდოთ. ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ამას მე ვერ გეტყვით. საკითხი ძირეულად არის შესასწავლი.

რაც შეეხება იმას, რომ შემთხვევამდე დავით ბეჟუაშვილი მაღაროში იმყოფებოდა, ეს ნამდვილად სიმართლეს შეესაბამება. თუმცა არც ბეჟუაშვილი და მითუმეტეს ვერც ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე ვერ ჩაერევა და დაგეგმავს შახტაზე რა სახის სარემონტო სამუშაოები უნდა განხორციელდეს. ამიტომ ასეთი ბრალდებები უსუსური და აბსურდია“, – ამბობს „მეტრონომთან“ ჯამბულ ჯაყელი.

ტყიბულის მაღაროს ვენტილაციის და უსაფრთხოების სამსახურის ასისთავი ლევან ბეშკენაძე „მეტრონომთან“ საუბრისას ამბობს, რომ 4 მუშის გარდაცვალების მიზეზად შრომის დაცვის ნორმების დარღვევა იკვეთება, რომელიც სამუშაო ადგილის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად მომზადების პროცესშია დაშვებული.

მისი თქმით, ასევე არ არის გამორიცხული გამოიკვეთოს შრომის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებული სხვა დარღვევებიც, რაზეც მასაც და მაღაროს სხვა თანამშრომლებსაც არა ერთხელ უსაუბრია. მისი განცხადებით, მაღაროს ხელმძღვანელობას დღემდე არ ადარდებს უსაფრთხოების ნორმების დაცვა და იქ მომუშავე პერსონალის სიცოცხლე.

“საშახტო აწევის ზეინკლები: ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე და გიზო კუბლაშვილი სატვირთო ლიფტზე (,,კლეტი“) სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, სადაც დიდი ალბათობით უსაფრთხოების ზომე დაცული არ იყო.

ეს პრობლემა დღეს არ დაწყებულია. ამის შესახებ მედიასთან და აქციებზეც არა ერთხელ გვისაუბრია, რომ მაღაროში სამუშაო პირობების უსაფრთხოება არ ხდება. არავინ არ ამოწმებს და ინტერესდება რა ხდება ტყიბულში.

აქ ადამიანი როგორც მონა ისე მუშაობს. არანაირი პირობები არ არსებობს. ამის მიზეზი კი დავით ბეჟუაშვილის მფარველები არიან, რომლებიც „ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე იმყოფებიან. პარლამენტის და მთავრობის დონეზე ხდება დაბლოკვა, რომ ეფექტიანი შრომის ინსპექცია არ იქნეს მიღებული.

ვხედავთ, რომ ჩვენს ხელისუფლებას ბიზნესმენის ინტერესები უფრო ადარდებს ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანების, რომლებიც ყოველდღე, სიცოცხლის ფასად რისკავენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამბავს დაბალ რგოლზე გადატეხავენ და უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და მის თანამშრომლებს დასჯიან. არადა პრობლემა კიდევ უფრო ზემოთაა. ასევე, მიდის გარდაცვლილი ოჯახის წევრების გაჩუმება, კომპენსაციის სანაცვლოდ და ბევრი მათგანის ოჯახის წევრი შახტაში მუშაობს, შესაბამისად, სამსახურის დაკარგვის შიშით, ასეთი საქმეები ჩვეულებრივად იჩქმალება.

ახლა, სამდღიანი გლოვა გვაქვს. გარდაცვლილების დაკრძალვის შემდეგ, ყველა მეშახტე ერთად გადავწყვეტთ და დავგეგმავთ, რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს. არ ვიცი შეიძლება ეს ახალი აქციები და გაფიცვაც იყოს. ასე გაჩუმებას აღარ ვაპირებთ, ჩვენი ბედი არავის აღელვებს და შესაბამის ღონისძიებებს ჩვენ თვითონ მივმართავთ“, – ამბობს ბეშკენაძე „მეტრონომთან“.

„მეტრონომთან“ ტყიბულის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე მის მიმართ ადგილობრივების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ჭორია, როდესაც მას დავით ბეჟუაშვილის  ხელისუფლებასთან ლობირებაში ადანაშაულებენ. მისი თქმით, 9 მაისს ბეჟუაშვილი მაღაროში ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა, მან ამის შესახებ მხოლოდ მოგვიანებით გაიგო და ბეჟუაშვილს არც კი შეხვედრია. დეპუტატი ამბობს, რომ ის მაღაროში მხოლოდ შემთხვევის შემდეგ მივიდა.

„დავით ბეჟუაშვილს ძალიან კარგად ვიცნობ, მაგრამ მას ჩემი ვინმესთან ლობირება არ სჭირდება. სიცრუე და ჭორებია, როდესაც ამბობენ, რომ მე ვითომ მას „ქართულ ოცნებასთან“ და ხელისუფლებასთან ვშუამავლობ. ბეჟუაშვილი 9 მაისს შახტაზე ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა მე ამის შესახებ მხოლოდ მოგვიანებით გავიგე და მასთან ერთად არ ვყოფილვარ. პირიქით გამიკვირდა რატომ არ გამაგებინა, რომ ჩამოდიოდა. ეს უბედურება რაც თავს დაგვატყდა ნამდვილად გამოძიებული უნდა იყოს და ყველა კითხვაზე პასუხი უნდა გაეცეს“, – ამბობს „მეტრონომთან“ გოცირიძე.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, წინასწარ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შრომის დაცვის ნორმების დარღვევა იკვეთება სამუშაო ადგილის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად მომზადების პროცესში. ფაქტს გამოიკვლევს კომისია, რომელიც შეიქმნება უახლოეს პერიოდში, სადაც პროფკავშირის შრომის დაცვის ინსპექტორებიც მიიღებენ მონაწილეობას.

დარგობრივი პროფკავშირის განცხადებით, ეს ფაქტი, 2010 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე ჯგუფური შემთხვევაა და მასში ბრალი მიუძღვის ყველას, ვინც დღემდე უშლის ხელს შრომის ინსპექციის შექმნას და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 176-ე კონვენციის რატიფიცირებას.

გარდაცვლილი ალეკო ჭელიშვილი 2010 წლიდან ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირის კომიტეტის წევრი და ამავე დროს მისი დამფუძნებელი იყო, პროფკავშირის წევრი იყო ვიქტორ დაღუნდარიძეც.

შახტაში ჩავარდნილი მუშების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება. კვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმოს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„მეტრონომი“ იმედს იტოვებს, რომ საგამოძიებო უწყებები დეტალებში გამოიძიებენ და გადაამოწმებენ იმ ინფორმაციასაც, რომელიც ჩვენს სტატიაში არის მოტანილი და, მიუხედავად იმისა თუ რომელ სოციალურ კლასს მიეკუთვნებიან დამნაშავეები, მათი გამოვლენის შემთხვევაში, ისინი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

 

იტვირთბა....