ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შრომის უსაფრთხოების დღეს არსებული პირობები, სამწუხაროდ, ეფექტურად ვერ გამორიცხავს მსგავს უბედურებებს”

ტყიბულის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ეხმაურება.

”ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ტყიბულში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი.

ამ უმძიმეს წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს.
სამწუხაროდ, ეს უკვე მერამდენე ტრაგედია ვერ ჩაითვლება უბრალოდ „შემთხვევად“. შრომის უსაფრთხოების დღეს არსებული პირობები, თუნდაც მოქმედი კანონმდებლობის დაცვის ხარისხი, სამწუხაროდ, ეფექტურად ვერ გამორიცხავს მსგავს უბედურებებს. საჭიროა მთლიანი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მიიმართოს შრომის უსაფრთხოების წესების დახვეწისა და მათი აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ”, – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ტყიბულში მუშათა სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდიანრეობს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავი და სამაშველო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

ადამიანი უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, ლინა ღვინიანიძე, ფეისბუკზე წერს, რომ, სავარაუდოდ, მწყობრიდან გამოსული ტექნიკის გამო 4 მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა.
რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენელი ილია ლეჟავას ცნობით, სიმაღლე 400 მეტრია. ლეჟავა ვარაუდობს, რომ მუშები, სავარაუდოდ, დაიღუპნენ.

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე გამოეხმაურა ტყიბულში, ოთხი მუშის დაღუპვის სავარაუდო ფაქტს.

“ვინც ეწინააღმდეგება ეფექტიანი შრომის ინსპექციის შექმნას მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ეს სიმართლეა. ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას. უბრალოდ, სირცხვილია, მეგობრებო”- წერს უჩა ნანუაშვილი.

იტვირთბა....