აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ლუჟკოვს 4 წლით ქართულ ციხეში არ ჩასვამენ: „მეტრონომის“ ექსკლუზივი

დაარღვია თუ არა მოსკოვის ყოფილმა მერმა „საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“

ავტორი: მანა ნოდია

საქართველოში მყოფი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მიმართ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით გათვალისწინებული სასჯელის გატარების მოთხოვნით ინტერნეტში პეტიცია შეიქმნა:

“საქართველოს კანონის “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” მეოთხე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.
ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

აღნიშნული კანონით ასევე იკრძალება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელიც არაერთხელ არის დაფიქსირებული ჩვენი კანონმდებლობის დარღვევაში, საქართველოს დედაქალაქში იმყოფება, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის დაუყოვნებელი მოქმედების პირდაპირი საფუძველია.

ვითხოვთ კანონით დადგენილი ღონისძიებების აღსრულებას იური ლუჟკოვის მიმართ”, – ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც ამ დროისთვის ხელს 189 ადამიანი აწერს.

“საქართველოს კანონი-ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” მოიცავს შემდეგ ქვეთავსაც, რა დროსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან შესვლა დაშვებულია:

„3. განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე შეიძლება გაიცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ
მიზნებს. „

„მეტრონომი“ დაინტერესდა, დაარღვია თუ არა კანონმდებლობა ლუჟკოვმა, როცა 2006 წელს იმყოფებოდა აფხაზეთში, ხოლო 2009 წელს – ცხინვალში. ამავდროულად, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ქვეთავმა, სადაც ჰუმანიტარული დახმარების დროს პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ იწყება, გააჩინა ლოგიკური კითხვები – შეიძლება თუ არა ნებისმიერმა პირმა ამ ქვეთავის მიხედვით გადაკვეთოს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრები უკანონოდ და მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს. ამ კითხვებზე „მეტრონომს“ საიას იურისტმა, ლევან ვეფხვაძემ უპასუხა.

ლევან ვეფხვაძე: „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის თანახმად, ნებისმიერი პირი, ვინც აკრძალული მეთოდით შევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩაიდენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კანონი ოკუპაციის შესახებ განმარტავს, რომ აფხაზეთის შემთხვევაში ლეგიტიმურია შევიდეს ზუგდიდის მხრიდან, ცხინვალის შემთხვევაში – გორის მხრიდან. სხვა, ნებისმიერი მიმართულება ითვლება უკანონოდ. მოცემულ შემთხვევაში, ეს მუხლი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს და მისი ხანდაზმულობის ვადა არის 6 წელი. ანუ, კანონი იმ პირის მიმართ, რომელიც კანონდადგენილი წესის გვერდის ავლით მოხვდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იმოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 6 წელი არ არის გასული.

– რას ნიშნავს კანონმდებლობის ქვეთავი, სადაც ჰუმანიტარული მისიით შესულ ადამიანს პასუხისმგებლობა ეხსნება?

– ჰუმანიტარული დახმარების მიზნით შესვლა უნდა მოექცეს იმ კანონმდებლობის ჩარჩოებში, სადაც ეს ხდება. მაგალითისთვის, თუ ლუჟკოვი აფხაზეთსა და ოსეთში ჰუმანიტარული მიზნით იმყოფებოდა, საქართველოს ტერიტორიის გავლით უნდა შესულიყო. თუმცა, მაგალითისთვის, გარდამავალ, რთულ სიტუაციაში, თუ საქართველოში ჩამოსვლა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქედან შესვლა გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული, ხოლო იქ მყოფ მოსახლეობას საფრთხე ემუქრება, საქართველოს კანონმდებლობა უშვებს გამონაკლისს, რომ ასეთ შემთხვევაში, ჰუმანიტარული მიზნით, სხვა ტერიტორიიდან იყოს შესვლა შესაძლებელი. მაგრამ, ეს, რა თქმა უნდა, დასაბუთებული უნდა იყოს, თუ რამდენად არის საჭირო იქ ჰუმანიტარული მიზნით შესვლა.

– იმ შემთხვევაში, თუ ხანდაზმულობის ვადა არ იქნებოდა გასული, ლუჟკოვს შეეძლებოდა ეთქვა, რომ იქ ჰუმანიტარული მისიით იყო შესული?

– ეს უკვე მასზე და ჩვენ საგამოძიებო უწყებებზე იქნებოდა დამოკიდებული. გამოძიების დაწყებისას დღის წესრიგში დადგებოდა ეს თემაც, იყო თუ არა მისი ვიზიტი მოსახლეობისადმი ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით. ეს უნდა დაამტკიცოს კონკრეტულმა ფაქტებმა. ჰუმანიტარული მისიით ჩასვლა მხოლოდ მხარდაჭერის გამოცხადებას არ ნიშნავს. ჰუმანიტარული დახმარება გულისხმობს პირველადი მედიკამენტების თუ სხვა პირველადი ნივთების შეტანას. ამას ძირითადად ან „წითელი ჯვარი“, ან ევროკავშირი და სხვა ორგანიზაციები აკეთებენ. თუმცა ეს მოქალაქემაც შეიძლება გააკეთოს, მაგრამ ინდივიდუალურად უნდა დასაბუთდეს, ნამდვილად ჰუმანიტარული მისია იყო თუ არა. ლუჟკოვის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობის საკითხი ვეღარ დადგება, რადგან საქმე უკვე ხანდაზმულია.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. მის ვიზიტთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ლუჟკოვი საქართველოში ლეგალურად შემოვიდა:
„საზღვრის კვეთის მომენტში, პასპორტში რამე კონკრეტული მონაცემი არ არსებობდა, რის საფუძველზეც მესაზღვრე გადაწყვეტილებას მიიღებდა. დანარჩენი დამატებითი მოკვლევის საგანია და ჩვენ გავარკვევთ,” – აღნიშნა ხუციშვილმა.
დამატებით კითხვაზე, დაირღვა თუ არა კანონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მინისტრის მოადგილემ ასე უპასუხა:

“შემოვიდა ლეგალური საბუთებით, რომელშიც არ იყო მონაცემი, რომ მას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ჰქონდა დარღვეული. შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო.”
ლუჟკოვი მოსკოვის მერი 1992-2010 წლებში იყო. ის 2006 წელს აფხაზეთში, ხოლო 2009 წელს ცხინვალში კანონდარღვევით, სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან შესვლით იმყოფებოდა.

ლუჟკოვმა დღეს, საქართველოში ვიზიტისას, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველო აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე თავს უკეთ იგრძნობს…

იტვირთბა....