პირველკასელთა ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე საათში უკვე 15 ათასზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა. უამრავ სკოლაში ადგილები რეგისტრაციის დაწყებიდან სულ რამდენიმე წუთში შეივსო. განათლების სამინისტროს ცნობით, წელს დაახლოებით 50 ათასი პირველკლასელი გვეყოლება. მოგეხსენებათ ეს რეგისტრაციის მეორე ეტაპია და იგი 1 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
„პირველ და მეორე ეტაპზე ერთად სულ 35 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. აქედან დაახლოებით 20 ათასი პირველ ეტაპზე, დღეს კი უკვე 15 ათასზე მეტი. რეგისტრაციის დასრულებამდე ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს ჯერ პირველი დღე და პირველი სათებია. ქვეყნის მასშტაბით კი 2085 სკოლაში სულ 75 ათასი ადგილია გამოყოფილი,“ – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ტყემალაძემ.
მისი თქმით, რეგისტრაცია ყოველგვარი ტექნიკური ხარვეზების გარეშე ჩატარდა, სერვისი ზუსტად 09:00 საათზე ამოქმედდა და გასაკვირი არაა, რომ ბევრ პრესტიჟულ სკოლაში ადგილები რამდენიმე წუთში შეივსო.
„მესმის მშობლების, რომლებიც ჩივიან, რომ ადგილები შევსებული დახვდათ, მაგრამ ბევრ სკოლაზე ძალიან მაღალი მოთხოვნა იყო და ბუნებრივია, ყველა ვერ მოახერხებდა. ამიტომ მათ სათადარიგო სკოლა უნდა ჰქონოდათ შერჩეული“, – დასძენს იგი.
დედაქალაქის მასშტაბით პოპულარული სკოლების სია კი არც წელს შეცვლილა: პირველი გიმნაზია, პირველი ექსპერიმენტალური, 47-ე, 51-ე, 53-ე, 161-ე, 23-ე, 24-ე და 21-ე საჯარო სკოლები.
რაც შეეხება დარჩენილ პროცედურებს, 2 ივნისიდან უკვე რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყება და 15 ივნისის ჩათვლით გასტანს. ამ დროს, მშობელებმა ბავშვის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები შერჩეულ სკოლებში უნდა მიიტანონ. თუ ამას დათქმულ ვადებში ვერ მოახერხებენ, მათი შვილის რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. ასე გამონთავისუფლდება ადგილები, სადაც დარეგისტრირების საშუალება სხვებს მიეცემათ.
სკოლაში წარსადგენი საბუთების სია წელსაც უცვლელია:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას.
დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება.
სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.
edu.aris.ge