აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა სამართალი

„საზოგადოება ოცნებას ამას არ აპატიებს“: მოსამართლეების უვადოდ გამწესება კანონის გვერდის ავლით

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, შალვა შავგულიძესთან

ავტორი: ელზა პაპოშვილი

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე და სანდრო გირგვლიანის საქმის ყოფილი ადვოკატი შალვა შავგულიძე „მეტრონომთან“ ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხს აფასებს. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კანონის დახმარებით, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა მიხელ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, მოღვაწე მოსამართლეებისთვის სრული კომფორტი შეექმნა და მათი მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა უზრუნველყო.

შავგულიძე ამბობს, რომ ლევან მურუსიძეს და სხვა იმ დანარჩენ მოსამართლეებს, რომელთა უვადო დანიშვნასაც იუსტიციის საბჭო აპირებს, ჯერ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა არ გაუვლიათ და შესაბამისად მისთვის წარმოუდგენელია კანონის გვერდის ავლით, როგორ აპირებენ მათთვის უვადოდ გამწესების მინიჭებას.

იურისტი ფიქრობს, რომ „ოცნებამ“ იმ მოსამართლეების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება გადაწყვიტა, რომლებიც წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მსახურებაში იყვნენ.

მეტრონომი“: დღეს უნდა განხილულიყო რამდენიმე მოსამართლის უვადოდ დანიშვნის საკითხი, რომელშიც გახმაურებული, გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძეც იყო. საზოგადოებაში ატეხილი განგაშის შემდეგ საქმის განხილვა გადაიდო. როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რომ უვადო წესით ის მოსამართლეები დანიშნოს, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში კითხვები არსებობს?

შალვა შავგულიძე: რაც შეეხება მოსამართლე ლევან მურუსიძის პერსონას ამასთან დაკავშირებით არა ერთხელ მისაუბრია და თქვენც და საზოგადოებამაც კარგად იცით, რომ მე გირგვლიანის საქმის ადვოკატი ვიყავი. შესაბამისად ამ ადამიანზე პერსონალურად საუბრამდე ჯერ კანონს გავყვეთ და საზოგადოებას ავუხსნათ, რის მიღწევას ცდილობს „ქართული ოცნება“.

ხელისუფლებამ ბოლო დროს მიიღო შემდეგი სახის კანონი, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო, ან უზენაესი სასამართლოს იმ ყოფილ მოსამართლეებს, რომელსაც 3-წლიანი სტაჟი აქვს სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელების და მათზე არ უნდა გავრცელდეს გამოსაცდელი ვადა და ისინი პირდაპირ  მოსამართლეებად უვადოდ უნდა იქნენ გამწესებულები.

თუმცა, ამ კანონში არ არის მოცემული მისთვის უკუძალის  შესახებ ჩანაწერი. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ მოსამართლეებზე, რომლებიც უკვე გამოსაცდელი ვადით არიან გამწესებულები ამ კანონის გავრცელება არ შეიძლება.

აქედან გამომდინარე, ვერც მურუსიძეზე და ვერც სხვა დანარჩენ მოსამართლეებზე ეს კანონი ვერ გავრცელდება. თუ იუსტიციის საბჭო და „ქართული ოცნება“ კანონს მურუსიძეზე და მის მეგობარ მოსამართლეებზე მოარგებს, ეს უკვე სხვა საკითხია. ანუ, ამ მოსამართლეებმა გამოსაცდელი ვადა  ჯერ უნდა  ამოწურონ და მათი უვადოდ გამწესება შემდეგ უნდა მოხდეს.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, მურუსიძემ და დანარჩენმა მოსამართლეებმა ჯერ გამოსაცდელი ვადა უნდა ამოწურონ. მაშინ რას უკავშირებთ იმას, რომ იუსტიციის საბჭომ მათი უვადოდ დანიშვნის შესახებ უნდა იმსჯელოს? რა ხდება, რატომ გადაწყვიტეს, რომ მაინც და მაინც იმ მოსამართლეების დანიშვნა მოხდეს, თანაც კანონის გვერდის ავლით, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს, სხვადასხვა გახმაურებული საქმის მოსამართლეები იყვნენ?

– „ქართული ოცნება“ ცდილობს და უპირატესობას ანიჭებს, სწორედ ძველ სასამართლო კორპუსს და მათ შორის იმ მოსამართლეებს, რომლებიც წინა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, გამოირჩეოდნენ არა კანონის მსახურებით, არამედ ხელისუფლების და რეჟიმის, რომლის დაკვეთების შემსრულებლებად უფრო გვევლინებოდნენ, ვიდრე სამართლის აღმსრულებლებად. სწორედ ამას  შეესაბამება, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული საკანონმდებლო პოლიტიკა.

მათ მიერ მიღებული სასამართლო რეფორმის შედეგად, ჩვენ გვაქვს ისეთი პოზიციები საერთო სასამართლოების კანონში, რომლის მიხედვითაც სასამართლო ხელისუფლებაში, ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების უფლება, მხოლოდ ძველი სასამართლოს კორპუსის წარმომადგენლებს  შეუძლიათ და არა ახალ მოსამართლეებს, რადგანაც კანონში არსებობს ჩანაწერი, რომ მხოლოდ ხუთწლიანი სამოსამართლეო გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

ასეთი კი მხოლოდ ძველ კორპუსს აქვს. ეს ჩანაწერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს არის მიღებული. ასევე იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრად არჩევის უფლება, მხოლოდ ხუთწლიანი გამოცდილების მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ. ასეთი კი, რა თქმა უნდა, რომ მხოლოდ ძველ მოსამართლეებს აქვს.

ქართულმა ოცნებამგამოდის, რომ იმთავიდანვე გადაწყვიტა უპირატესობა მიენიჭებინა იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მოღვაწეობდნენ და ეს კანონითაც უზრუნველყო?

-„ოცნებისთვის“ ეს ადამიანები არასასურველი მხოლოდ მაშინ იყო, როდესაც ისინი მათი მმართველობის ქვეშ არ იმყოფებოდნენ. ხოლო მათთვის სასურველები გახდნენ, როდესაც იგივე მოსამართლეები მათ მსახურებაში ჩადგნენ. სწორედ ამას ემსახურება ის კანონები რაც „ოცნებამ“ სამოსამართლეო საქმიანობის შესახებ მიიღო.

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას რამდენად ემხრობით და როგორ ფიქრობთ, ჩვენი ხელისუფლება და სასამართლო  მზად არის, რომ ეს ახალი ინსტიტუტი მიიღოს და მისი ბოროტად გამოყენება არ მოხდეს? მითუმეტეს, ისეთი მოსამართლეების პირობებში, რომლებიც როგორც თქვენ აღნიშნეთ,ნაციონალური მოძრაობისხელისუფლების მსახურები იყვნენ

– მოსამართლის უვადოდ გამწესების წესი, ეს არის ახალი ინსტიტუტი და ამ სიახლის წინაშე, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ წესს სულ სხვა კრიტერიუმები ახლავს, ყველა მოსამართლეს, ეს იქნება ძველი თუ ახალი, თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეს.

ჩვენს რეალობაში, დღეს მოსამართლის უვადოდ გამწესება, სასამართლოს არ წაადგება. კარგია სწრაფად მორბენალი სპორტსმენი, მაგრამ მას თუ ფეხი აქვს მოტეხილი, ჯერ ხომ უნდა იმკურნალოს და სირბილი შემდეგ დაიწყოს.

ჩვენი სასამართლო ჯერ სამკურნალოა, ამიტომ ყველაზე სწორი იქნებოდა, რომ მოსამართლეებისთვის ჯერ გამოსაცდელი ვადა მიგვეცა და შემდეგ გადაგვეწყვიტა დაგვენიშნა თუ არა ის მოსამართლედ.

ჩემი პარლამენტში მოღვაწეობის დროს ამ საკითხის კანონის დონეზე შემოტანა უნდოდათ, რომ ძველი სტაჟის მქონე მოსამართლეები უვადოდ დანიშნულიყვნენ გამოსაცდელი ვადის გარეშე, თუმცა ორჯერვე მაშინ მოვახერხე, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარიყო. თუმცა, ახლა უკვე ვხედავთ, რომ ეს პრობლემა „ოცნებამ“  გადაჭრა.

როგორც  საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, გირგვლიანის საქმის ადვოკატი იყავით. შეგიძლიათ საზოგადოებას აუხსნათ, რა შეეძლო მაშინ მოსამართლე ლევან მურუსიძეს და არ გააკეთა. რაშია ის დამნაშავე?

– ევროპის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ნათლად მიუთითა, რომ საქართველოს ინსტანციის სასამართლოებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ამ საზარელი დანაშაულის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. მურუსიძე იმ დროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, როდესაც ამ საქმის განხილვა მოხდა.

მას  წვლილი მიუძღვის იმ დარღვევებში, რომლებიც საბოლოო ინსტანციის გადაწყვეტილებითაც შენარჩუნდა. კერძოდ საქმე შემდეგშია, მურუსიძემ განაცხადა, რომ მას სასჯელის დამძიმება არ შეეძლო და სხვა რა უნდა ექნა. ამიტომ ქვედა ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მურუსიძე ამ შემთხვევაში მართალს ამბობს, რომ სასჯელის დამძიმება არ შეეძლო, თუმცა მას საქმის სააპელაციო ინსტანციაში უკან დაბრუნება შეეძლო.

სწორედ მისმა გადაწყვეტილებამ დაუსვა წერტილი იმას, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება არ აღდგა. უფრო მეტს ვიტყვი, ჩვენ საქმის დამძიმების მოთხოვნა არც გვქონია, ჩვენი სურვილი იყო, რომ მურუსიძეს საქმე უკან დაებრუნებინა, რაც მან არ გააკეთა.

ელით თუ არა, რომ გადადების მიუხედავად, მურუსიძე და დანარჩენი რვა მოსამართლე უვადოდ მაინც დაინიშნებიან. თვლით თუ არა, რომ ამ შემთხვევაში მათი დამოუკიდებლობის ხარისხი საზოგადოების მხრიდან ყოველთვის კითხვის ქვეშ იდგება?

– სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ეს მოსამართლეები პროტესტის მიუხედავად მაინც დაინიშნებიან. სამწუხაროა, რომ მათ გამოყენებას საკუთარი ინტერესებისთვის ახლა ეს ხელისუფლება დაიწყებს. თუმცა, „ქართულ ოცნებასაც“ ამ არასწორი მოქმედების გამო, პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს და მას საზოგადოება იმას არ აპატიებს, რაც სააკაშვილის რეჟიმს არ აპატიეს. ჩვენი ხალხი უსამართლობას დიდხანს არ ეგუება.

იტვირთბა....