ლუვრთან ჟურნალისტების ევაკუაცია საეჭვო ჩანთის პოვნას უკავშირდება, რომელშიც ვიდეოკამერის აკუმულატორები აღმოჩნდა, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატის, ემანუელ მაკრონის შტაბში განაცხადეს.
„დღეს, 13:00 საათზე ჩანთას, რომელშიც ვიდეოკამერის სამი აკუმულატორი იყო, ძაღლმა მიაქცია ყურადღება, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობების პოვნაშია გაწვრთნილი. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, 300-მდე ჟურნალისტს, ვინც იმ დროისთვის ადგილზე იმყოფებოდა, ტერიტორია დაატოვებინეს და უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს“, – განაცხადეს მაკრონის საარჩევნო შტაბში.
მედიის წარმომადგენლები საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ემანუელ მაკრონის პრესცენტრში შესვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, პრესის წარმომადგენლები რიგში დგანან, მათ შენობასთან ახლოს ჯერ არ უშვებენ.
ევაკუაცია დღეს დაახლოებით 15:00 საათზე განხორციელდა.
რაც შეეხება ლუვრის მიმდინარე ტერიტორიას, ის შემოღობილია, თუმცა, თავად ლუვრში ტურისტებს მეორე შესასვლელიდან უშვებენ. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შეგახსენებთ, საფრანგეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. პირველ ტურში, 23 აპრილს, En Marche!-ს ლიდერმა, ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა ხმების 23,75 % მიიღო, “ნაციონალური ფრონტის” ლიდერმა, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენმა – 21,53 %.