ახალი ამბები მთავარი სამართალი

“სასამართლო პროცესის დახურვა ემსახურება მხოლოდ მამა გიორგი მამალაძის სახის შენარჩუნებას”

„საფუძვლიანი ეჭვი გამაჩნია, სასამართლო პროცესის დახურვა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მამა გიორგი მამალაძის სახის შენარჩუნებას,” – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ, ე.წ. ციანიდის საქმეზე განაცხადა.

მისი აზრით, ნებისმიერი სასულიერო პირის ინტერესებს პროკურატურისგან დაცვა არ სჭირდება.

“მამა გიორგი მამალაძე, როგორც, ნაწილობრივ, ჩანაწერი ვიხილეთ, იმ ეპითეტებით საუბრობს და ჟარგონული ტერმინოლოგიით მოიხსენიებს გარკვეულ პირებს, როგორც ინფორმაცია გამაჩნია, უარესს აკეთებს და უარესად მოიხსენიებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს და ეს ჩანაწერი არის დასტური, როგორი არ უნდა იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი,“ – აღნიშნა ქარჩავამ.

ედიშერ ქარჩავასთვის პროკურატურის არგუმენტები მამა გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლო სხდომის დახურვის შესახებ საკმარისი არ არის.

„პროკურატურა ფაქტობრივად, გამოდის, რომ არაპირდაპირ, მაგრამ ირიბად იცავს მამა გიორგი მამალაძის ინტერესებს. მამა გორგი მამალაძეს პროკურატურის მხრიდან დაცვა არ სჭირდება,“ – აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ.

ედიშერ ქარჩავას თქმით, დეკანოზის საქმეზე საპატრიარქოს პოზიცია არის ნეიტრალური და ის არცერთ მხარეს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მაისს გაიმართა, რა დროსაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სხდომა მთლიანად დაიხურა. მომდევნო პროცესი გაიმართება 19 მაისს, 12 საათზე.

იტვირთბა....