საბერძნეთში 36 წლის დიანა ბერიძის ცხედარი იპოვეს. მას სამართალდამცველები 9 დღე ეძებდნენ, ბოლოს კი სალონიკთან, ტყეში დანაწევრებული იპოვეს. ცხედარი იმდენად დაზიანებულ იყო, რომ მისი იდენტიფიცირება ოჯახმა მხოლოდ ე.წ. ტატუს საშუალებით შეძლო.
ქალის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის საქმეზე ბრალი 38 წლის ექიმს წაუყენეს. ბერძნული მედიის ცნობით, მოკლული ქალი ბრალდებულის პაციენტი იყო.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ექიმთან ოპერაციაზე მისული დიანა ბერიძე ბრალდებულმა სალონიკში მდებარე იპოკრატიოს კლინიკის ერთ-ერთ ოთხში 26 აპრილს მოკლა. მოგვიანებით კი დანაწევრებული ცხედარი კლინიკიდან ფარულად გაიტანა და საკუთარი ავტომობილით კუნძულ ჰალკიდიკზე მდინარეში ჩააგდო.
საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ პოლიციამ 38 წლის ქირურგი დააკავა. თუმცა, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით, დიანა ბერიძის ოჯახს მკვლელობის კონკრეტულ მოტივზე საუბარი უჭირს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ექიმს ქალი ოპერაციის დროს შეცდომის გამო შემოაკვდა, შემდეგ კი ცხედარი გადამალა. ამ ვერსიას ოჯახი გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი საანესთეზიო ნივთიერების კვალის გამოც ეყრდნობა.
დიანა ბერიძე ქობულეთიდან ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საბერძნეთში 6 წლის წინ წავიდა, სადაც მცირე ბიზნესით იყო დაკავებული. მას მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მოკლული ქალის მამიდის განცხადებით, ამ საქმეზე კიდევ 2 ექიმია დაკავებული.
„დადასტურებულია, რომ კიდევ 2 ქალბატონი არის დაკავებული. ეს არის ექიმის შეცდომა. როგორც ჩვენ დავადგინეთ, წამლის ზედმეტი დოზა აქვს მიცემული, რომლითაც პაციენტმა უკვე ვერ გამოიღვიძა. რომ შემოაკვდათ გოგონა, შემდეგ ვიდეოთვალებმა აჩვენეს, რომ იმავე დღის ღამის 11:00 საათზე 150 კილომეტრის დაშორებით ჰყავს გოგონა წაყვანილი ტყეში და ეს ადგილი იყო ამ ექიმის სოფელი. ინფორმაცია გვაქვს, რომ გოგონა არის სანახევროდ დანაწევრებული,“ – განაცხადა დიანა ბერიძის მამიდამ, ნარგიზა ბერიძემ.