საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კონსოლიდირებული ასიგნებების აქტს, რომელიც უკვე საკანონმდებლო დონეზე ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
“ამ კანონით შეერთებული შტატები იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ერთიანობას და განსაკუთრებულ სიძლიერეს მატებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. აშშ- ს კონგრესის ორივე პალატამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და უშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გააძლიერეს საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობა.
მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ასეთი თანადგომისათვის.
მსურს ასევე მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საელჩოს აშშ-ში აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისათვის”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ქვეყნის ბიუჯეტს. საბიუჯეტო კანონთან ერთად დამტკიცდა საკანონმდებლო აქტი, სადაც საქართველოს შესახებ ცალკე თავშია საუბარი სახელწოდებით „საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია“. ამ თავში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს დაევალა, 90 დღის ვადაში, კონგრესს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ მოახსენოს.