ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის წინასასამართლო სხდომა გუშინ გვიანობამდე გაგრძელდა. სასამართლო მთელი დღის განმავლობაში განიხილავდა მხარეების შუამდგომლობებს. პირველი შუამდგომლობა ბრალდების მხარის მიერ სხდომის დახურვა იყო, რაც მოსამართლე ბადრი შონიამ დააკმაყოფილა და სხდომა დაიხურა. აღნიშნული შუამდგლომლობის წინააღმდეგი იყო დაცვის მხარე და თავად ბრალდებული დეკანოზი, რომელმაც სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ სურდა სხდომები საჯარო ყოფილიყო.
ამის შემდეგ, როგორც დეკანოზის ადვოკატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მათი შუამდგომლობები სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და აღმკვეთი ღონისძიების მოხსნასაც შეეხებოდა.
მოსამართლე ბადრი შონიას განცხადებით, სახელმწიფო ბრალდებამ საკმარისი არგუმენტირებული მტკიცებულებები წარმოადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნულ საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.
მოსამართლემ ბრალდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატების მიერ წარდგენილი 12 შუამდგომლობიდან არც ერთი დააკმაყოფილა. მათ შორის ერთი სწორედ გიორგი მამალაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ეხებოდა.
”ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, როდესაც მოსამართლემ განაცხადა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლის ვარაუდით, გიორგი მამალაძის მიმართ მომავალში იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. იცით რა არის, თუ არსებობს მტკიცებულებები, ვარაუდი, რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ან არ ჩაიდინა, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია. მომავალში როდესაც საქმის არსებითი განხილვა იქნება, მერე გამოჩნდება რამდენად საკმარისი იქნება მტკიცებულებები, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამოდის, რომ წინასწარ აანონსებენ ყველაფერს”, – განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
პროკურორი ჯარჯი წიკლაური ადვოკატის ამ განცხადებაზე საპასუხოდ აღნიშნავს, რომ ეს არის კანონის ჩანაწერი და არა მოსამართლის სუბიექტური დამოკიდებულება.
„მოსამართლემ ყველა ჩვენი მტკიცებულება სცნო დასაშვებად, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა მტკიცებულება მოპოვებულია კანონის სრული დაცვით,“ – აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.
მომდევნო სხდომა 19 მაისს, 12 საათზეა ჩანიშნული.