განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საქართველოში დუალურმა განათლებამ გაამართლა. მისი ინფორმაციით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით 45 პროგრამა დაფუძნდა, რომელზე მიღებაც სექტემბრიდან დაიწყება.
„საპილოტე რეჟიმში უკვე ჩართულია 20 პროგრამა, სადაც სტუდენტი პარალელურად სწავლობს პროფესიულ სასწავლებელში და თან მუშაობს და იღებს ანაზღაურებას. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, კიდევ 45 დუალური პროგრამის ამუშავებას ვგეგმავთ“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
დამსაქმებლები და სასწავლო დაწესებულებები სტუდენტების მიღებას უკვე სექტემბრიდან დაიწყებენ. პროფესიული განათლების ახალი მეთოდი, რომელიც საქართველოში შემოდგომიდან დაინერგა, თეორიულთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ითვალისწინებს.