აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მაკრონი მოდის, ლე პენის სიმღერა ამით არ სრულდება: რომელი კანდიდატია მისაღები საქართველოსთვის

ანალიტიკოსები “მეტრონომთან” საფრანგეთის არჩევნებზე: ლე პენის 9-მილიონიანი ვალი რუსული ბანკისგან და კრემლის მიმართ მაკრონის მკაცრი პოლიტიკა

ავტორი: ელზა პაპოშვილი

მსოფლიო 7 მაისს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია. ქვეყანა რიგით 25-პრეზიდენტს ირჩევს. საფრანგეთში ჩატარებული უახლესი სოციოლოგიური გამოკითხვებით, მეორე ტურში ემანუელ მაკრონს სოლიდური უპირატესობით გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ. განსაკუთრებით დებატების შემდეგ, რომლის შემდეგ მაკრონის რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, მაკრონს მოქალაქეთა 60 პროცენტი უჭერს მხარს. ასეთივე მოლოდინი ქართველ ანალიტიკოსებს და საერთაშორისო საკითხების ექსპერტებსაც აქვს, რომლებიც ფიქრობენ, რომ საფრანგეთის არჩევნებში მაკრონი გაიმარჯვებს.

როგორც ქართველი ანალიტიკოსები ამბობენ, საფრანგეთში გასამართი არჩევნების მეორე ტური საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მათი აზრით, მარინ ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში ნატოსა და ევროკავშირის მომავალი საკმაოდ ბუნდოვანი იქნება. მან საკუთარი დაპირებები 144 პუნქტად გამოაქვეყნა, სადაც მთავარი აქცენტი ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზებაზე გააკეთა.

რაც შეეხება საქართველოს, ექსპერტების აზრით, ლე პენის პრეზიდენტობა ჩვენს ქვეყანაზე მთლად  პოზიტიურად ვერ აისახება, რადგანაც ამ ორგანიზაციის წევრობა ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანია.

ანალიტიკოსი და საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში მამუკა კუდავა „მეტრონომთან“ ამბობს, რომ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საფრანგეთი ნატოს აქტიური წევრი იყოს, რადგან ნატოში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის გაცხადებული მიზანია. ამიტომაც, ლე პენის პრეზიდენტობა ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის მიუღებელია. კუდავას თქმით, ლე პენის დაპირებების 118-ე პუნქტში  ვკითხულობთ, რომ მის მიზანს ნატოს ერთობლივი სამხედრო მეთაურობის დატოვება წარმოადგენს, რათა საფრანგეთი არ იყოს ჩართული ისეთ ომებში, რომელიც მისი არ არის.

გარდა ამისა, კუდავას განცხადებით, მარინ ლე პენმა მოსკოვში უკანასკნელი ვიზიტისას კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მაქსიმალურად სწრაფად მოეხსნება რუსეთს დაწესებული სანქციები.

ამასთანევე, კუდავას თქმით, 2014 წელს ლე პენის პარტიამ, „ეროვნულმა ფრონტმა“ ჩეხეთში რეგისტრირებული რუსული ბანკიდან 9 მილიონი ევრო ისესხა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ძალა ირიბად რუსეთთან არის დაკავშირებული.

„ამ არჩევნების ბედი პირველ ტურში უკვე გადაწყდა, რადგანაც საფრანგეთში ყველა გამოკითხვის მიხედვით, მაკრონი ლე პენს 20%-ით უსწრებს. ახლა, მთავარია, მაკრონი ამ არჩევნებს რამდენად დიდი სხვაობით მოიგებს, რადგანაც  სხვაობა თუ უფრო შემცირდა აშკარად „ულტრა მემარჯვენეებს“ სამომავლოდ დიდი ანგარიში უნდა გაუწიონ.

ივნისში უკვე საპარლამენტო არჩევნები იქნება, რომლის შემდეგაც სიტუაცია კიდევ უფრო დალაგდება. ეს მაკრონს კიდევ უფრო საშუალებას მისცემს, რომ კარგი უმრავლესობა ჰყავდეს და თავისი დაპირებები უპრობლემოდ შეასრულოს.

საქართველოსთვის, რაც მთავარია, ემანუელ მაკრონის გამარჯვების შემთხვევაში რადიკალური ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ის ცენტრისტია, მისი პროგრამაც საკმაოდ მოკრძალებულია დაპირებების თვალსაზრისით. რაც მთავარია, მაკრონის გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში კიდევ უფრო გამკაცრდება და მაკრონი კრემლის პოლიტიკის მიმართ ბევრად შეუპოვარია. საქართველო იქნება თუ უკრაინა, მაკრონის მოსვლის შემდეგ, ის ჩვენი ქვეყნებისთვის ღია კარის პოლიტიკას კიდევ უფრო გახსნის. ინტეგრაციის პროცესი გაგრძელდება და რუსეთის სანქციებზე მაკრონის პოლიტიკა დასავლეთის მსგავსი იქნება.

მაკრონს მემარჯვენე იდეებიც აქვს, ის ფიქრობს, რომ ეკონომიკის მეტი ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს. გარკვეულ საკითხებში მემარცხენე იდეებიც გააჩნია. აშკარაა, რომ საფრანგეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მის იდეებს იზიარებს და წამყვანი პარტიების გვერდით ჩაჩოჩება შეძლო“, – ამბობს კუდავა „მეტრონომთან“ საუბრისას.

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ ბევრი რამ იყო დამოკიდებული ბოლო დებატებზე, რომელიც ლე პენსა და მაკრონს შორის კანდიდატებმა ორი დღის წინ გამართეს ერთ-ერთ ტელეგადაცემაში. სალუქვაძის თქმით, თუ დებატების შემდეგ ჩატარებული ორი სოციალური გამოკითხვის შედეგად ვიმსჯელებთ, ამომრჩეველთა 61%  მაკრონს უჭერს მხარს. მისი აზრით, მაკრონის უპირატესობა 55-65%-ის ფარგლებში იქნება.

თუმცა, სალუქვაძის აზრით, ერთია გამოკითხვები, მეორეა საარჩევნო ყუთთან  მისული ამომრჩეველი, რომელთა დიდი ნაწილი ბოლო წუთებზე იღებს გადაწყვეტილებას. სოციოლოგიური გამოკითხვებით, დაახლოებით 15%-ს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა დანარჩენი 9 კანდიდატის ხმების გადანაწილებაც არჩევნების დღეს გაირკვევა.

„ევროპის ქვეყნების შიდა პოლიტიკაზე დღეს ყველაზე მძლავრად ორი ფაქტორი მოქმედებს: მიგრანტთა პრობლემები და რუსული გავლენ, ეს დებატებშიც გამოჩნდა. ის რომ ლეპენი მეორე ტურში გავიდა და გამოკითხვებით თითქმის 40%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს, იმაზე მეტყველებს, რომ ევროპელ მოსახლეობას, ამ შემთხვევაში ფრანგებს, ცვლილებები სურთ.

რამდენად კარდინალური ცვლილებებისთვის არიან მზად, რამდენადაა საფრანგეთის მოსახლეობა მზად დატოვონ ევროკავშირი და შეცვალონ საგარეო ვექტორები, არჩევნების შემდეგ გავიგებთ.

ჩემი ვარაუდით, აქამდე საქმე არ მივა. თუმცა ლე პენი დიდ მხარდაჭერას მიიღებს და ამ არჩევნებს საფრანგეთის შემდგომ საპარლამენტო თუ ადგილობრივ არჩევნებზე ექნება ძალიან დიდი ზეგავლენა. ასე რომ, წაგების შემთხვევაშიც კი ლე პენის სიმღერა დასრულებული არ იქნება.

მაკრონის სასარგებლოდაა უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსი, ევროპის ლიდერები. ასევე, უნდა ითქვას, რომ კიბერშეტევების ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით უარი თქვეს ელექტრონული მეთოდით ხმის მიცემის პროცედურაზე, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია. ელექტრონული მეთოდი რომ უკეთესი, უფრო გამჭვირვალე და საიმედო არ იყოს, არ შემოიღებდნენ.

მოკლედ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მაკრონის გამარჯვებაა მოსალოდნელი. ისე, ამერიკაშიც კლინტონის გამარჯვებას ელოდნენ, თუმცა, სხვა კოზირი დაჯდა.

ლე პენის გასვლის შემთხვევაში საფრანგეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკა აუცილებლად შეიცვლება. საფრანგეთში არაა ისეთი სახელმწიფო მოწყობა, როგორც ამერიკაშია. აქ პრეზიდენტზე გაცილებით ბევრია დამოკიდებულია. ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება ევროკავშირს. ბრექსიტის შემდეგ, თუ იმავე გზას საფრანგეთიც დაადგება, ევროკავშირს მხოლოდ გერმანია ვერ გაქაჩავს“, – ამბობს სალუქვაძე „მეტრონომთან“.

მისი თქმით, წლების წინ ნატოში გაწევრიანების გზაზე საფრანგეთისგან და გერმანიისგან ვერ მივიღეთ მხარდაჭერა. ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაზე რუსული გავლენები გაძლიერდება. ლე პენი თავის ზრახვებს არც მალავს.

ანალიტიკოსის განცხადებით, დღეს მაკრონის უკან სერიოზული მხარდაჭერაა, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ის გაიმარჯვებს არჩევნებში და საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში, შესაბამისად საქართველოსთან მიმართებაში არაფერი შეიცვლება.

იტვირთბა....