ახალი ამბები მთავარი სამართალი

“პირად ცხოვრებაში არაფერი მაქვს დასამალი”: ე.წ. ციანიდის სასამართლო პროცესი დაიხურა

“მეტრონომი” სასამართლოდან:

ავტორი ნინო ცხადაია:

თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაიწყო. მოსამართლე ბადრი შონიას განცხადებით დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად ედება 18-109 მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით, 236- ე მუხლის მეორე ნაწილით, 109 მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით( რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას ანგარებით) გათვალისწინებული სასჯელი. აღნიშნული ითვალისწინებს 16 -დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. ბრალდების მხარემ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ სხდომა უნდა დაიხუროს. მოსამართლის განცხადებით, ბრალდების მხარემ ჯერ უნდა დააყენოს შუამდგომლობა სხდომის დახურვის შესახებ არგუმენტირებულად და სასამართლო შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას დახუროს თუ არა სხდომა. პროკურორის თქმით, აუცილებელია სხდომის დახურვა, იმიტომ, რომ სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა სრულად ასახავს გამოძიების პროცესს. ეს დაინტერესებულ პირს მისცემს შესაძლებლობას მიიღოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ სრულად, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროცესებს. მისი თქმით, ერთ- ერთმა მოწმემ მიიღო მუქარის შემცველი ზარიც. ამიტომ საჯარო განხილვით, რეალური საფრთხე შეექმნებათ პროცესის მონაწილეებს და ეს არსებითად დააზიანებს სასამართლოს ინტერესებს:

”ეს არ არის სურვილი, ეს არის უკიდურესი აუცილებლობა, რომელსაც იცავს ბრალდების მხარე. სამწუხაროა რომ ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ სხდომა დაიხუროს, მაგრამ ჩვენ ამას ვითხოვთ ყველა ზემოთქმულიდან გამომდინარე. მამალაძის მონაწილეობით წარმოდგენილი საქმის ვიდეომასალა წარმოადგენს სასულიერო პირის მიერ ისეთ ქმედებებს, რომელიც შეუსაბამოა სასულიერო პირისთვის”- განაცხადა პროკურორმა.

 

პროკურორის თქმით, მტკიცებულებათა სრულად წარმოდგენით საზოგადოებაში გაჩნდება შფოთი. მისივე თქმით, სხდომაზე უნდა იყოს წარმოდგენილი ისეთი მასალები, რომლებიც წარმოაჩენენ სასულიერო პირის ისეთ მხარეებს, რაც მომატებული საფრთხის შემცველი იქნება საზოგადოებისთვის:

”იმისთვის, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი მორალი, ეროვნული უსაფრთხოება და პირადი ცხოვრება, შესაბამისად სხდომა უნდა დაიხუროს მთლიანად და არა ნაწილობრივ”- აღნიშნა პროკურორმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხდა, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს სხდომის დახურვის. მისი თქმით, თუ ისეთი ნაწილი იქნება წარმოდგენილი სასამართლო პროცესის დროს, რომელიც აუცილებელია რომ დახურულ ფორმატში განიხილებოდეს, შესაძლებელია სხდომის ნაწილობრივ დახურვა. ფანცულაია ამბობს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა იყო დაუსაბუთებელი. დეკანოზის მეორე ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურის შუამდგომლობა იყო პოლიტიკური განცხადება. მისთვის უცნობი და გაუგებარია რომელ ეროვნულ უსაფრთხოებაზე საუბრობს ბრალდების მხარე, როცა თავად ბრალდებული ითხოვს, რომ პროცესი იყოს საჯარო, რომ საზოგადოებამ განსაჯოს სასამართლოს ობიექტურობა. რამიშვილის თქმით, მამალაძე თავად იცავს საპატრიარქოს იმიჯს. მისი თქმით, პროკურატურის მოწმე ირაკლი მამალაძე თავად გამოდის და საუბრობს საჯაროდ. მისივე თქმით, ეს პროცესი მიმდინარეობს საერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებაზე და აქ არ არის საუბარი ეროვნულ უსაფრთხოებაზე და მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირზე.

 

კომენტარი გააკეთა თავად ბრალდებულმაც: ”ჩემი სურვილია რომ სხდომა იყოს საჯარო. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, არაფერი მაქვს დასამალი”- განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ. ამის საპასუხოდ, პროკურორმა განაცხადა, რომ მიუხედავად ბრალდებულის სურვილისა, მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს მათი არგუმენტები და დახუროს სხდომა. მისი თქმით, ვინ სარგებლობს სახელმწიფო დაცვით, ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება და ითხოვს, რომ სწორედ ამიტომ სხდომა იყოს დახურული. მოსამართლე ბადრი შონიამ განაცხადა, რომ სასამართლოს აქვს უფლება მისი სურვილით დაიხუროს სასამართლო სხდომა ნაწილობრივ ან სრულად.

მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა რომ დაიხუროს წინასასამართლო სხდომა. მისი თქმით, ის არგუმენტი, რაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა,  სასამართლოსთვის გასათვალისწინებელია.

იტვირთბა....