ანალიტიკოსები „მეტრონომთან“: მერობის რომელ კანდიდატს ანიჭებენ უპირატესობას რესპოდენტები
ავტორი: ელზა პაპოშვილი
თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე, საზოგადოებაში და პოლიტიკურ ელიტაში აქტიურად განიხილება საკითხი – ვინ იქნება „ქართული ოცნებიდან“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვინ იბრძოლებს თბილისში პირველობისთვის, ჯერ კიდევ გაურკვეველია და განხილვები ამ თემაზე პარტიაში არც კი დაწყებულა. თუმცა, „მეტრონომმა“ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული წყაროდან შეიტყო, რომ ქართველ მილიარდერს თავისი პოზიცია უკვე თითქმის ჩამოყალიბებული აქვს.
სულ სხვაა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მერობის კანდიდატობაზე მთავარი ორთაბრძოლა „ოცნების“ შიგნით, ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძესა და დავით ნარამანიას შორის მიდის.
კულუარული ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ” შიდაპარტიული კვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატებს – კალაძესა და ნარმანიას შორის სხვაობა დიდი არ არის. ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კალაძე მოქმედ მერს მცირედით უსწრებს. ამ მცირედი სხვაობის გათვალისწინებით, პარტიაში მწიფდება აზრი, რომ ადგილობრივ არჩევნებზე კანდიდატი არა კალაძე, არამედ ნარმანია იყოს.
„მეტრონომს“ სანდო წყარომ, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია, განუცხადა, რომ ივანიშვილს მერობის კანდიდატად კვლავ ნარმანია სურს და ის კალაძის კანდიდატურას მხარს არ უჭერს. მისი თქმით, დიდი ალბათობით, „ოცნების“ კანდიდატი კვლავ დავით ნარმანია იქნება.
რაც შეეხება ნარმანიას, თავად ამის წინააღმდეგი არ არის და ახლა ის გუნდის გადაწყვეტილებას ელოდება. ის მზად არის, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორედ იყაროს კენჭი. დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება და კანდიდატი ამ გადაწყვეტილების საფუძელზე შეირჩევა. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, ვის შეარჩევს “ქართული ოცნება” – კვლავ დავით ნარმანიას თუ სხვა კანდიდატს.
“საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსულტაციები იქნება. კანდიდატი გუნდური გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა იყოს წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, არ ვიჩქაროთ, დაველოდოთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიღებული,” – განაცხადა ნარმანიამ.
ანალიტიკოსი გია ნოდია „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ნარმანიას სასარგებლოდ მუშაობს თავად ნარმანიას ფაქტორი, რომ მას არ აქვს პოლიტიკური ამბიცია და შესაძლოა მომავალში ის სრულფასოვან პოლიტიკურ ლიდერად არ ჩამოყალიბდეს. ამიტომ თავად „ოცნებაში“ მის მიმართ განწყობა დადებითი ამიტომაცაა და სწორედ ეს გარემოებები მოქმედებს კალაძის კანდიდატურის საწინააღმდეგოდ.
ნოდიას აზრით, პარტიული ელიტა თვლის, რომ კალაძე მომავალში შესაძლოა ცალკე პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბდეს, მითუმეტეს, რომ მას საკუთარი, დამოუკიდებელი ფინანსური წყაროები გააჩნია.
„ქართულ ოცნებაში“ რომ მერიის კანდიდატებზე ხმები ასე გადანაწილდებოდა მოსალოდნელი იყო, რადგანაც კალაძე პოლიტიკური ფიგურაა. მისი არჩევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რომ მისი მართვა, რთული და ფაქტობრივად შეუძლებელიც იქნება.
ნარმანიასთვის უპირატესობის მინიჭება, მეორე მიზეზითაც არის განპირობებული. თუ მის კანდიდატურას „ოცნება“ არ წამოაყენებს, მაშინ გამოვა აღიარებენ, რომ ის ცუდი მერია. ამიტომ, ყველა ვარიანტში, ის კვლავ „ოცნების“ კანდიდატი იქნება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, მისი განცხადებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ნარმანია მისთვის უფრო მისაღები კანდიდატურაა ვიდრე კახი კალაძე. არ არის გამორიცხული ყოფილმა პრემიერმა ნაკლებად ამბიციურ კანდიდატზე – ნარმანიას სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება.
რაც შეეხება კალაძეს, რა თანამდებობა შეიძლება შესთავაზონ, ნაკლებად მგონია, რომ მას ახლა რა თანამდებობაც აქვს, მასზე მეტი ანუ პრემიერის კანდიდატად განიხილონ“ – ამბობს ნოდია.
ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ კალაძესა და ნარმანიას შორის პარტიაში ხმების გადანაწილებას არანაირი აზრი არა აქვს, რადგანაც „ოცნებაში“ ლიდერი არ არსებობს და მნიშვნელობა არ აქვს მერის კანდიდატობაზე კალაძე იბრძოლებს, თუ ნარმანია.
მისი აზრით, მერობის შემთხვევაში დამოუკიდებლად ვერცერთი მათგანი ვერაფერს გადაწყვეტს. ის ფიქრობს, რომ ივანიშვილიც და „ოცნებაც“ მაინც ნარმანიას კანდიდატზე შეჩერდებიან, რადგანაც მასზე უკეთესი ვერც კალაძე იქნება. მითუმეტეს, რომ ახლანდელ მერს ამ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს.
„პარტიაში არის ლიდერების პრობლემა. არ აქვს დამიჯერეთ, მნიშვნელობა არც საზოგადოებისთვის და არც თავად პოლიტიკოსებისთვის, ვინ იქნება თბილისის მერი. ახლა პარტიის შიგნით ვინ ვის ლობირებს და ვის რომელი კანდიდატის გაყვანა სურს, ეს უკვე შიდაპარტიული პრობლემებია.
ალბათ, გააჩნია, ახლა ვისთვის ხელსაყრელი უფრო ნარმანია, ან კალაძე იქნება. ეს ხალხი მხოლოდ ამ კუთხით აარჩევს მერის კანდიდატს, სხვა რამის გამო კი არა. მეორეც, ერთი მაინც ისაა, მთავარ გადაწყვეტილებას ივანიშვილი მიიღებს და დიდი ალბათობით ეს ნარამანია იქნება“, – ამბობს ხუხაშვილი „მეტრონომთან“
„მეტრონომთან“ საუბრისას ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძეც ფიქრობს, რომ დავით ნარმანია კვლავ მერობის უპირობო კანდიდატი იქნება. მისი აზრით, „ოცნებაშიც“ უმრავლესობის დიდი ნაწილი მის კანიდატურაზე შეჯერდება. ამის მიზეზად კი ჩიტაძე ნარმანიას უკვე გამოცდილებას ასახელებს და ფიქრობს, რომ კალაძე ბიძინა ივანიშვილს ახლანდელ თანამდებობაზე უფრო სჭირდება.
ანალიტიკოსის განცხადებით, ენერგეტიკის მინისტრი ბევრად დამოუკიდებელი და ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც შესაბამისად, უფრო დიდი პოლიტიკური ამბიციები აქვს. ამიტომაც, მისი მერად არჩევა უფრო რისკთან არის დაკავშირებული, რომ მისი მართვა ნაკლებად შესაძლებელი იქნება.
„დავით ნარმანია საზოგადოების კრიტიკის მიუხედავად, „ოცნებისთვის“ მაინც ყველაზე მისაღები ფიგურაა. მას არა აქვს პოლიტიკური ამბიციები და თან საკმაოდ კარგად პროგნოზირებადი ადამიანია. ის „ოცნებას“ მერობისას პრობლემებს არ უქმნის, ნაკლებად ამბიციურია და ყველაფერს კარგად ასრულებს.
დარწმუნებული ვარ ის ივანიშვილისთვისაც მისაღები კანდიდატურაა. მას კალაძე დაკავებულ თანამდებობაზე უფრო სჭირდება. მისთვის ერთგული ვიცე-პრემიერი მისაღებია და მის მერიაში გადასროლას მხარს არ დაუჭერს“, – ამბობს ნიკა ჩიტაძე „მეტრონომთან“.