“ხვალინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, ის მოლოდინი მაქვს, რომ დეკანოზი უდანაშაულოა, თუმცა მოსამართლე როგორ შეაფასებს, ეს არ ვიცი. ეს უკვე მის კომპეტენციაზე და პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული”, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გაზეთ “პრაიმტაიმთან” განაცხადა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე და არსებითი განხილვის მიზნით საქმე წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რო 2017 წლის 26 აპრილს, გიორგი მამალაძეს დაუმძიმდა ბრალდება სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას ანგარებით.
გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ დაკავების მიზეზი “მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა” იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას ბრალი პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ედებოდა.
წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ხვალ, 2017 წლის 5 მაისს. “მეტრონომი” სასამართლო დარბაზიდან უახლოეს ინფორმაციას მოგაწვდით და შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერს სასამართლოდან.