ექსკლუზიური ინტერვიუ: ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი მეწილე მამუკა ღლონტი ევროპულ სასამართლოში ჩივილს გეგმავს
ავტორი: ელზა პაპოშვილი
ტელეკომპანია“ მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და წილის მფლობელი მამუკა ღლონტი „მეტრონომთან“ ტელევიზიაში დღეს „მაესტროში“ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, ტელევიზიაში ხდება ის რაც ისედაც მოსალოდნელი იყო. ღლონტის განცხადებით, „მაესტროზე“ გადაცემების დახურვა და ჟურნალისტების სამსახურიდან გაშვება, მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ყველა მედიასაშუალებაზე კონტროლი მოიპოვოს.
ღლონტი ამბობს, რომ ტელეკომპანიის დამფუძნებლები თუ საქართველოს ვერცერთ სასამართლოში სამართალს ვერ მიაღწევენ და „მაესტროს“ სახელწოდების, როგორც ბრენდის რეალურ მესაკუთრეს ილია კიკაბიძეს არ დაუბრუნებენ, მაშინ ისინი სტრასბურგის სასამართლოში იჩივლებენ.
„მეტრონომი“: მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტელევიზიის თანამშრომლებს ხელშეკრულებები შეუწყდათ, გადაცემების ნაწილი კი დაიხურა, ნაწილი კი ტელეკომპანია ,,იმედზე” გადავიდა... რა ხდება „მაესტროში“?
მამუკა ღლონტი: არხზე მიმდინარე მოვლენები, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთ-ერთ მიზანს ემსახურება, რომ მოხდეს „მაესტროს“ გაჩუმება და სამუდამოდ დადუმება. ისინი ამ დასახულ მიზანს, როგორც ვხედავთ მშვენივრად ასრულებენ.
– ვის გულისხმობთ, ვის სურს, რომ „მაესტროს“ დადუმება მოხდეს?
– რა თქმა უნდა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას“ სურს. ფაქტია, ეს მედიაზე მიზანმიმართული თავდასხმაა, ივანიშვილი და მისი ხალხი ცდილობენ, საქართველოში ყველა მედიასაშუალება ჯიბეში ჩაისვან. ამის მეტს საქართველოში სხვას რამეს ვხედავთ?! ეს ყველა დროის ერთი და იგივე ხელწერაა. იგივეს აკეთებს ივანიშვილიც, რაც კარგად არ დაუმთავრდება.
„მაესტროს“ დირექტორი არის ბიძინა ივანიშვილი და ყველა სხვა ვინც დაინიშნება კომპანიის ხელმძღვანელად, ჩვეულებრივი მარიონეტი იქნება. იმას გააკეთებს რასაც ჩასძახებენ. ივანიშვილი ასევე, ტელეკომპანია „იმედის“, „ჯიდიესის“, „პირველი არხის“, დირექტორია. სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში, ეცდებიან, რომ ყველა მედიასაშუალების ხელმძღვანელები იყვნენ.
– „მაესტროს“ რეალურად ფინანსური პრობლემები აქვს? გიორგი გაჩეჩილაძე ამბობდა, რომ ის ტელეკომპანიის ფინანსურ საკითხებს მოაგვარებდა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
– კი ეს განცხადება მეც მახსოვს. ძმებმა გაჩეჩილაძეებმა პირობა დადეს, რომ „მაესტროს“ ყველა ფინანსურ პრობლემას მოაგვარებდნენ და მის რეიტინგს გაზრდიდნენ. ასევე ამბობდნენ, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა დამოუკიდებელი იქნებოდა.
მას შემდეგ რამდენი ხანი გავიდა, ვერცერთი პრობლემის მოგვარება ვერ შეძლეს. თუ არხს ისევ ფინანსური პრობლემები აქვს და გადაცემებს ხურავენ, ასევე „იმედის“ ფილიალად აქციეს ბევრად უფრო რეიტინგული ტელეკომპანია, მათ მოსვლას რა აზრი ჰქონდა? უბრალოდ, იმ დავალებას ასრულებენ, რაც მათ ივანიშვილმა მიზნად დაუსახა. მოხდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელევიზიის გაუქმება, დახურვა და გაჩუმება.
– ელით თუ არა, რომ „მაესტრო“ საერთოდ დაიხუროს, ან „ჯიდიესის“ მსგავსად საინფორმაციო გამოშვებები გაუქმდეს?
– ახლა, „მაესტრო“ აღარ არსებობს. ამ ტელეკომპანიას თავისი მაყურებლის წინაშე დიდი დამსახურება აქვს, მან ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისთვის ყველაზე მეტი იბრძოლა. ახსოვს ალბათ საზოგადოებას, რომ ჟურნალისტები სრულიად უანგაროდ, სტრესულ და მძიმე ფინანსურ სიტუაციაში გმირულად მუშაობდნენ.
ახლა, ეს ტელევიზია არის ჩვეულებრივი შპს, რომელსაც მხოლოდ სახელწოდება „მაესტრო“ აქვს. ეს ყველაფერი კი მალე დასრულდება. ჩვენ ყველა სამართლებლივ ინსტანციას გავივლით, რომ ბრენდი სახელწოდება „მაესტრო“ ილია კიკაბიძეს დაუბრუნდეს, რომელიც კომპანიის 75%-ის მესაკუთრე იყო და ლევან მურუსიძის სასამართლომ 25%-იანი წილის მფლობელების ინტერესი უფრო გაითვალისწინა და არ დაგვიბრუნა.
თუმცა, ჩვენ ყველა ინსტანციას გავივლით და სამართალს ჩვენს ქვეყანაში თუ ვერ ვიპოვით, მაშინ ტელეკომპანიას ამ ხალხსიგან ევროპული სასამართლოს დახმარებით დავიბრუნებთ. აქამდე ჯერ ვერ ვიჩივლეთ, რადგანაც საქართველოში ჯერ ყველა ინსტანცია უნდა გავიაროთ.