ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

აკურის ღვინის ქარხნის საქმეზე ზურაბ ადეიშვილს ერთი წლითა და 6 თვით, ვანო მერაბიშვილს კი 2 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდათ

აკურის ღვინის ქარხნის მესაკუთრეებისთვის უკანონოდ ჩამორთმევის საქმეზე ზურაბ ადეიშვილსა და ვანო მერაბიშვილს მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

მოსამართლე გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილებით, ადეიშვილს დაუსწრებლად, ამნისტირებული მუხლების გათვალისწინებით, ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მერაბიშვილს, ასევე ამნისტიის გათვალისწინებით, 2 წლითა და 3 თვით პატიმრობა.

ეს ზურაბ ადეიშვილისთვის პირველი გამამტყუნებელი განაჩენია.

ადეიშვილის ადვოკატმა, დავით კაკოიშვილმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა და აღნიშნა, რომ დღევანდელი განაჩენის გასაჩივრების საკითხს მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს.

პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა კი, კომენტარი არ გააკეთა.

საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილსა და უშიშროების ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალი ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, სსსკ-ის 333-ე მუხლით.

კერძოდ, ბრალდების მიხედვით 2004 წელს ღვინის ქარხნის, “აკურას” უსასყიდლოდ დათმობა სწორედ ადეიშვილმა და მერაბიშვილმა აიძულეს მეპატრონეებს, თეიმურაზ მეგრელიშვილსა და ნოდარ მოდებაძეს.

ამ საქმეზე პროკურატურის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების დეპარტამენტმა გამოძიება 2015 წელს დაიწყო.

იტვირთბა....