„ნუ გეშინიათ, არ შემოვიდნენ,“ – ამ კომენტარით გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი რუსი ბაიკერების საქართველოს საზღვარზე არშემოშვების ფაქტს.
ანულირებულია – ეს შტამპი ჩაურტყეს პასპორტში და საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს 50-მდე რუსი ბაიკერი. ინფორმაცია ამის შესახებ მოტიციკლისტმა დიმიტრი ხრიპკოვმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
“დიახ, მოვიდა შეტყობინება სასაზღვრო სამსახურიდან, რომ მაისის დღესასწაულების ბოლომდე მოტოციკლისტებისთვის საქართველოს საზღვარი დაკეტილია. ვინც საზღვარზე დგას დაბრუნდით ვლადიკავკაზში,”-წერს ხრიპკოვი.
რუსული გამოცემის ცნობით კი ქართველმა მესაზღვრეებმა რუს ბაიკერებს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს და ახსნა-განმარტებების გარეშე, პასპორტში შტამპი “ანულირებულია” ჩაურტყეს.
“ჩავედი გუშინ ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტზე დაახლოებით 22:00 საათზე, მივედი საზღვართან და დავინახე, რომ ცალკე დგანან მოტოციკლისტები, მე მაინც რიგში ჩავდექი და როდესაც მესაზღვრეს პასპორტი და მოტოციკლის საბუთი მივაწოდე, დამისვეს კითხვები თუ სად ვმუშაობ, 40 წუთში პასპორტი გამომიტანეს და მითხრეს უარი და რომ არ მაძლევენ საქართველოში შესვლის უფლებას,”-აცხადებს მოტოციკლისტი პაველ იარცევი.
“არ შემოვუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში”, ამ მოთხოვნით ქართველები რამდენიმე დღის წინ გაერთიანდნენ.
მესაზღვრეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განმარტა და აღნიშნა, რომ მათ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის 11-ე მუხლით იხელმძღვანელეს.
როგორც ხუციშვილმა განაცხადა, ბაიკერებმა ვერ დააკმაყოფილეს ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმები და ვერ გასცეს სათანადო პასუხი ქვეყანაში შემოსვლის მიზნებსა და იმ მიმართულებაზე, საითაც ისინი მიდიოდნენ.