საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ კახი ბექაური აირჩიეს. კომისიამ სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 2020 წლის 24 იანვრამდე კომისიის თავმჯდომარედ კახი ბექაური აირჩია.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის თავმჯდომარეს კი ირჩევს თავად კომისია, ასევე, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, სამი წლის ვადით. კომისიონერის თავმჯდომარედ არჩევა მხოლოდ ერთი ვადით შეიძლება.
თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის უფლება კომისიის ყველა წევრს აქვს. კახი ბექაური კანდიდატურა კომისიის თავმჯდომარის არჩევნებზე კომისიის დებულების მე–3 მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ერთობლივად წარადგინეს.
კომისიის თავმჯდომარის არჩევნები „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნის შესახენ“ კომისიის 2017 წლის 21 აპრილის #261/22 გადაწყვეტილებით დაინიშნა. ამავე გადაწყვეტილებით, განისაზღვრა თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველი წევრის (წევრების) ხმის დამთვლელ კომისიაში განაცხადების წარდგენის ვადა: 2017 წლის 19 აპრილის 10:00 საათიდან 2017 წლის 21 აპრილის 19:00 საათამდე – ასევე, კომისიის თავმჯდომარის არჩევნების ხმის დამთვლელი კომისია ჩამოყალიბდა, რომელიც კომისიის აპარატში დასაქმებული პირებით დაკომპლექტდა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარის პოზიცია ვახტან აბაშიძეს ეკავა. ის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად, ექვსი წლის ვადით საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 16 აპრილს აირჩია. ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრის რანგში უფლებამოსილებას 2020 წლის 16 აპრილამდე გააგრძელებს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია – დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო შედგება ხუთი წევრისგან. კომისიას აკომპლექტებს საქართველოს ხელისუფლების სამი შტო, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით საქართველოს პარლამენტს კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარუდგენს სამ კანდიდატურას, რომელთაგან საქართველოს პარლამენტი ერთ კანდიდატს ექვსი წლის ვადით ირჩევს კომისიის წევრის თანამდებობაზე.
კახი ბექაური 1969 წელს დაიბადა. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემიტიკის ფაკულტეტზე ოპტიმიზაციისა და ოპტიმალური მართვის სპეციალობით სწავლობდა. სხვადასხვა დროს მუშაობდა კერძო კომპანიებში, 2000-2002 წლებში იყო საქტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2003 წლებში ტელეკომპანია ,”მზის” გენერალური დირექტორი; 2004-2005-წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2010-2011 წლებში ტელეკომანია ,,მაესტროს,, გენერალური დირექტორი; 2012 წელს ტელეკომპანია “მეცხრე არხის” ხელმძღვანელი; 2014 წლიდან კი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომიის წევრია.
დაკავებულ თანამდებობაზე ბექაურის ანაზღაურება 15 000 ლარი იქნება. მისი მეუღლეს კი ეკა ბერიძეს, რომელიც მარგველაშვილის კლასელია, “მეცხრე არხიდან” წასვლის შემდეგ ,,ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში”, პიარის სამსახურში მუშაობს.