„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ე.წ. ციანიდის საქმის მთავარ მოწმე ირაკლი მამალაძესთან
ავტორი: ელზა პაპოშვილი
ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე და ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ გამოძიება მხოლოდ დეკანოზ მამალაძის ირგვლივ არ უნდა წარიმართოს და უნდა დადგინდეს იმ პირთა წრე, რომლებიც დეკანოზის თანამზრახველები არიან. საქმის მთავარი მოწმე ამბობს, რომ გამოძიებას პატრიარქის ყოფილი დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის მიმართ, საკმაო მტკიცებულებები აქვს იმისთვის, რომ მის მიმართ, მინიმუმ სისხლისსამართლებლივი დევნა დაიწყოს.
მამალაძეს ასევე კითხვები პრემიერის და მეუფე დიმიტრის შეხვედრასთან დაკავშირებით აქვს. მისი აზრით, მათ საზოგადოებას უნდა აუხსნან და განუმარტონ, რატომ შეხვდნენ ისინი კონსპირაციულად და რა საკითხებზე ისაუბრეს. ჟურნალისტი გამოძიებისგან ელის, რომ ამ საქმეზე სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.
„მეტრონომი“ : თქვენ განაცხადეთ, რომ პატრიარქის ილია მეორის ყოფილი დაცვის უფროსის სოსო ოხანაშვილის წინააღმდეგ არსებობს გარკვეული სახის მტკიცებულებები, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს. რის საფუძველზე აკეთებთ ასეთ განცხადებას და რა სახის მტკიცებულებებზე საუბრობთ?
ირაკლი მამალაძე: ჩემი აზრით, არსებობს საფუძველიც და გარკვეული მტკიცებულებებიც, რომ სოსო ოხანაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებლივი დევნა დაიწყოს. მისი პასუხისგებაში მიცემა იმ მტკიცებულებებიდან გამომდინარე რაც ახლა არსებობს, სრულიად შესაძლებელია. რადგან პროკურატურაში საქმე ცალკე გამოიყო, იმედს ვიტოვებ, რომ გამოძიების მიერ სხვა მტკიცებულებებიც იქნება მოძიებული და არა მხოლოდ ოხანაშვილის, არამედ სხვა დაცვის წევრების მიმართაც სისხლისსამართლებლივი დევნა დაიწყოს.
– თქვენ ფიქრობთ, რომ სოსო ოხანაშვილის მიმართ, შესაძლოა გამოძიებას კითხვები გაუჩნდეს. ანუ ის შესაძლოა აღმოჩნდეს დეკანოზ გიორგი მამალაძის თანამზრახველი? ამ კუთხით შეიძლება მის მიმართ სისხლისსამართლებლივი დევნა დაიწყოს?
– სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სოსო ოხანაშვილი და მისი დაცვის წევრები საპატრიარქოში სხვადასხვა სახის პროვოკაციებს აწყობდნენ. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ისინი დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებულები არიან. ეს ხალხი ერთი ჯგუფის წევრები იყვნენ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ოხანაშვილის მიმართ, სისხლისსამართლებლივი დევნა უნდა დაიწყოს.
ბერლინში თუ არ ვცდები, 12-კაციანი დელეგაცია იყო წარმოდგენილი. ამიტომაც, ზუსტად ვერ ვიტყვი, მას იქ სოსო ოხანაშვილი ელოდებოდა, სხვა რომელიმე დაცვის წევრი, თუ მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირი. ყველაფერია შესაძლებელი, ფაქტია, მას იქ ვიღაც ელოდებოდა. გამოძიებასთან მამალაძეს, რომ ეთანამშრომლა, ალბათ იტყოდა ვისთან ერთადაც მოქმედებდა.
საზოგადოება რატომ არ სვამს კითხვას, პატრიარქმა რატომ მიიღო დაუყოვნებლივ გადაწყვეტილება, რომ მისი დაცვის უფროსი ოხანაშვილი თანამდებობიდან გაეშვა. რეალურად პატრიარქის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და ის დაცული არ იყო. ამის იქით რა იყო, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ეს საქმე პრემიერ-მინისტრის კონტროლზე არის აყვანილი, შესაბამისად მათ ხელშია ნებაც და მტკიცებულებებიც, რათა დაადგინონ ამ საქმეში დეკანოზის თანამზრახველები ვინ იყვნენ.
საზოგადოებას არაფერსაც არ დავუმალავ, ნამდვილად დეკანოზი მამალაძე მარტო არ მოქმედებდა და მას თანამზრახველები ჰყავს. იმის გამო, რომ ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, პროკურატურამ ჯერ-ჯერობით ეს ფაქტი მტკიცებულებებით, როგორც ჩანს ვერ გაამყარა. თუმცა, იმედს ვიტოვებ რომ ყველაფერი მხოლოდ დეკანოზის პასუხისმგებლობის დონემდე არ დავა. რაც შეეხება ოხანაშვილს და სხვა რამდენიმე დაცვის თანამშრომელს მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები ნამდვილად არსებობს და გამოძიებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ველი
– სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ თქვენ ის შესაძლოა ფარულად ჩაწერილი გყავდეთ. რა სახის ურთიერთობა გქონდათ მასთან და მისი ვარაუდი რამდენად რეალურია. თქვენ როდესაც ამბობთ, რომ ოხანაშვილის მიმართ მტკიცებულებები არსებობს, იმ ჩანაწერს ხომ არ გულისხმობთ, რომელზეც მან ისაუბრა?
– ოხანაშვილის ვარაუდი და შიში გასაგებია. ჩემი მისამართით ამ განცხადების გაკეთება რა საჭირო იყო ვერ ვხვდები. რაზე იყო გაბრაზებული, რომ მისი დაკითხვა არ უნდა მომხდარიყო და ის ბერლინიდან არ უნდა ჩამოეყვანათ? მისი უახლოესი გარემოცვის წევრი თბილისში ციანიდით დააკავეს და მის მიმართ კითხვები არ უნდა გაჩენილიყო? თუ მართალია, პირველ რიგში ოხანაშვილი უნდა გამოსულიყო და ეს ფაქტი დაეგმო. ფაქტია, რომ ის თავდაცვის რეჟიმშია გადასული და ეს „რუსთავი 2“-თან საუბრისას კარგად გამოჩნდა.
მას როგორც დაცვის უფროსს, სრულიად სხვა განცხადებები უნდა გაეკეთებინა. ის კი არ უნდა ეთქვა, ვაიმე ჩემს წინააღმდეგაც შეიძლება რამე არსებობდესო. მართალ კაცს რისი უნდა ეშინოდეს? ანუ უკანონო არაფერი აქვს გაკეთებული და მე ჩავუდე რამე ჩანაწერი, აქ ლოგიკა სადმე ჩანს? თუ ჩავწერე, ჯერ ერთი ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ, მე როგორც ჟურნალისტს ამის უფლება ნამდვილად მქონდა.
– თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ სოსო ოხანაშვილთან გარკვეული სახის კომუნიკაცია გქონდათ, რასთან დაკავშირებით შეხვდით მას. ციანიდის შესახებ ის, როგორც დაცვის უფროსი საქმის კურსში არ ჩააყენეთ?
– სოსო ოხანაშვილთან კომუნიკაცია მაშინ მქონდა, როდესაც საპატრიარქოში ბოლო დროს მოვლენები საკმაოდ დაიძაბა. ვგულისხმობ მეუფე იაკობსა და მას შორის დაპირისპირებას. ამ ადამიანებს ზოგადად გარკვეული პიარ სტრატეგიის კუთხით ვეხმარებოდი.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჩემს მიმართ საკმაოდ დიდი ნდობა ჰქონდა, მაგრამ როდესაც ადამიანი დანაშაულზე ხელს აწერ, მათ მოუსავლეთში ნამდვილად ვერ გავყვებოდი. სოსო ოხანაშვილისთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია.
რაც შეეხება თქვენს კითხვას რატომ არ ჩავაყენე დაცვის უფროსი ციანიდის შესახებ საქმის კურსში, გეტყვით, რომ დეკანოზი ოხანაშვილის ახლო გარემოცვას წარმოადგენდა და დაცვის უფროსის მიმართ ნდობა დავკარგე. მუდმივად მესმოდა მათი მხრიდან, რომ პატრიარქი ძალიან ცუდად არის და პალატა უნდა გაუკეთონ, თებერვლის ბოლომდე ვერ მიაღწევს და ა.შ.
ჩემ ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა. თავიდან ვიფიქრე, რომ შესაძლოა მას ციანიდი იმისთვის სჭირდებოდა, რომ შორენა თეთრუაშვილისთვის ჩაედო და პროვოკაცია მოეწყო, რათა ის პოლიციას დაეკავებინა. მაგრამ როდესაც უკვე საუბარი სხვა კუთხით წაიყვანა, მივხვდი, რომ საქმე უფრო სერიოზულად იყო. გამოიკვეთა აშკარა პერსონა, რომლის ლიკვიდაციასაც ის აპირებდა.
– რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება მიზანმიმართულად ხომ არ ფარავს იმ პირთა ვინაობას, რომლებიც შესაძლოა, რომ დეკანოზის თანამზრახველები იყვნენ? რა საკითხზე შეიძლება მათ ესაუბრათ?
– შეიძლება იმ ჯგუფთა წრე დადგენილია, ვინც დეკანოზთან ერთად მოქმედებდა. ვნახოთ, დაველოდოთ საქმე სადამდე მივა. რაც შეეხება პრემიერის და მეუფე დიმიტრის შეხვედრას, ფაქტია, რომ როგორც ჟურნალისტს, კითხვები მიჩნდება.
ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა შეკითხვებს ნამდვილად აჩენს, რადგანაც პრემიერს ეს საქმე კონტროლზე ჰყავდა აყვანილი და შეხვდა ადამიანს, რომელმაც თქვა, რომ ეს საქმე მის თავზე შავი ღრუბლის შესაქმნელად არის წამოწყებული. აქედან გამომდინარე, ეს იყო ძალიან საეჭვო შეხვედრა, რომელზეც ორივემ კომენტარები უნდა გააკეთოს. მათ საზოგადოებას უნდა აუხსნან, შეხვედრა რა საკითხთან დაკავშირებით მოხდა.