ახალი ამბები მთავარი სამართალი

ტრანსგენდერი ქალების ბინაზე თავდასხმის ფაქტზე 4 ადამიანია დაკავებული

ტრანსგენდერი ქალების ბინაზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუქარის მუხლით დაიწყო.  როგორც შსს-ში განმარტავენ, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.  ამავე საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით, დაწყებულია სამართალწარმოება, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას.

შეგახსენებთ, გუშინ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 4 ადამიანი დააკავეს.  ამათგან სავარაუდოდ 2 ტრანსგენდერი ქალია, 2 კი მეზობელი.  როგორც “ნეტგაზეთს” ერთ-ერთმა დაზარალებულმა ტრანსგენდერმა ქალმა განუცხადა, მათ საცხოვრებელ ბინას, სადაც ხუთნი ცხოვრობენ, ტრანსფობიურ ნიადაგზე ქუჩიდან დაუშინეს ქვები, ხოლო როდესაც აივანზე გავიდნენ, გინება დაუწყეს. თავდამსხმელები დაახლოებით ხუთნი იყვნენ, შემდეგ ისინი ცდილობდნენ, სახლში შესულიყვნენ.

 

იტვირთბა....