ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დედაქალაქის მერი გამოეხმაურა:
„ეს არის ნახანძრალი ხეები, როდესაც ზაფხულის განმავლობაში ბალახს გაუჩნდა ცეცხლი და რამდენიმე ხე დაიწვა. სირცხვილია მათი ასეთი ქცევა, როდესაც ისევ დეზინფორმაციით ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. უკეთესი იქნება ჯერ საკითხში გაერკვნენ, მოგვისმინონ და შემდეგ გააკეთონ განცხადებები. კიდევ უფრო უკეთესი იქნება ბარს მოკიდონ ხელი და ჩვენი ქალაქი გაამწვანონ, დარგონ რაც შეიძლება მეტი ხე, თუ ასე შესტკივათ გული ჩვენს ქალაქსა და მის გამწვანებაზე, გაამწვანონ,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს სახელწოდებით “SOS ! კატასტროფა ხდება ლისის თავზე!”.
როგორც ხაბეიშვილმა „მეტრონომს“ განუცხადა, ლისის ტბის თავზე მიზანმიმართულად ხდება ნაძვების განადგურება, მათთვის ძირის დაწვა, რათა შემდეგ ისინი გახმეს და მოიჭრას.