“მეტრონომი” აქციიდან:
ავტორი: ნინო ცხადაია
თბილისის მერიის წინ, ნავთლუღის გარემოვაჭრეთა აქცია იმართება, რომელთა მოთხოვნაა მერიამ 6 თვით გადადოს აღნიშნულ ტერიტორიაზე გარევაჭრობის გაუქმება ან დაასაქმოს გარემოვაჭრეები სხვა ალტერნატიული სამსახურებით. აქციაში მონაწილეობას იღებენ ბეჟან გუნავა და მამუკა ტუსკაძე. აქციის მონაწილეებს მერიაში შესვლა სურთ, რათა განცხადება დაწერონ ვაჭრობაზე საფასურის 6 თვით გადაუხდელობის შესახებ.
როგორც “მეტრონომს” ბეჟან გუნავამ განუცხადა, ხელისუფლებამ გარემოვაჭრეებს სხვა კონცეფცია უნდა შესთავაზოს:
“მოვაჭრეებმა გვთხოვეს მათი უფლებების დაცვა. 1000-მდე ადამიანი ვაჭრობს, რომლებიც უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში არიან და ხელისუფლება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ემუქრება აყრით. ასეთ ყოფაშია თბილისში უამრავი ადამიანი. ხელისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალური დაცვის კონცეფცია უნდა შეიმუშავოს, რადგან ამ ადამიანებისთვის გარევაჭრობა ერთადერთი შემოსვალის წყარო იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას მოვუწოდებთ ჩვენთან ერთად დასხდნენ და ერთად გადავწყვიტოთ ეს პრობლემა. ეს პატარა აქცია ხვალ და ზეგ შეიძლება აზვირთდეს და ათი ათასიან აქციად იქცეს. “-განაცხადა გუნავამ.
“მეტრონომთან” ერთ-ერთი გარემოვაჭრე, ნატო ახალაია საუბრობს, რომ თუ მერია არ გაითვალისწინებს მათ მოთხოვნებს, აქციებს განაგრძობენ:
“ნავთლუღის ბაზრიდან მოვედით. ღამე გავათენეთ იქ, რადგან ამ დროს იწყება შემოსევა ჩვენ ასაყრელად. დავკანკალებთ საქონელს თავს. ძალიან მცირე ნაწილი მოვედით დღეს. მოვედით რომ ჩვენი გულისტკივილი მოვიტანოთ. თუ არ გაითვალისწინებენ, რომ 6 თვით გადაავადონ ეს, თბილისს კარვების ქალაქად ვაქცევთ. ბრძოლას არ ვწყვეტთ”,-განაცხადა ახალაიამ.
გარემოვაჭრეებს სურთ მერიაში შევიდნენ და განცხადება დაწერონ 6 თვით ვაჭრობაზე საფასურის გადაუხდელობის შესახებ.