იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მოსამართლის შეურაცხყოფაზე სანქციების გამკაცრების ინიციატივა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არ უკავშირდება:
“მოსამართლის შეურაცხყოფაზე სანქციების გამკაცრების ინიციატივამ არაჯანსაღი საჯარო დისკუსია გამოიწვია. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არავინ აპირებს. აქ საუბარია, არა კრიტიკის დაუშვებლობაზე, არამედ სასამართლოზე ზეწოლის, ან სასამართლოს მიმართ დაუშვებელი და კანონის მიღმა განხორციელებული შეურაცხყოფის ფაქტებზე რეაგირების თაობაზე. კანონი ამას ითვალისწინებს და, რა თქმა უნდა, პრაქტიკაც არსებობს”, – განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესების ინიციატივით 4 აპრილს გამოვიდა. აღნიშნული მოსაზრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოთქვეს და დეპუტატებს ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება შესთავაზეს.