ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება

დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის მცხოვრებთათვის ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური არ გაიზარდება, – ამის შესახებ საკრებულოს პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტმა 2.5 მილიონი ლარი მოიკლო, რათა თბილისში ტრანსპორტით მგზავრობის საფასური სამი წლის განმავლობაში არ გაიზარდოს.

გიორგი ტყემალაძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შეახსენა, რომ სატრანსპორტო კომპანიებთან ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად აღნიშნულ კომპანიებს ტარიფის ნებისმიერ დროს გაზრდის შესაძლებლობა ჰქონდათ, დედაქალაქის ხელისუფლებაში სწორედ მათი ყოფნის პერიოდში გაფორმდა.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს საკითხი, რომლის თანახმად, თბილისის მერიასა და სატრანსპორტო კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, დედაქალაქში მოძრავი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური სამი წლის განმავლობაში არ გაიზრდება.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული საკითხი ეკონომიკის რეგულირებად სფეროში მოექცა. შესაბამისად, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით თბილისში მგზავრთა გადამყვან კომპანიებს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეღავათი გაეწიათ და ისინი დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდნენ.

“რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას, აღნიშნულ კომპანიებს ყოველთვიური გადასახადი შეუმცირდათ და სწორედ ამის ხარჯზე სამი წლის განმავლობაში ტარიფების ზრდა აღარ მოხდება”,-აღნიშნა ტყემალაძემ.

იტვირთბა....