თბილისის საკრებულოში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. უმცირესობისა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ხმაური მოჰყვა იმ საკითხის განხილვას, რომელიც მერიის გადაწყვეტილებას ეხება სატრანსპორტო კომპანიებისთვის ნებართვის გაცემის ფაქტთან დაკავშირებით.
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, ოთხმა კომპანიამ, რომელიც ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას სამარშუტო ტაქსებით, მიმართეს თბილისის მერიას.
“ვინაიდან გაძვირდა ცხოვრება, ლარის კურსი გაუფასურდა, კომპანიები არიან მძიმე მდგომარეობაში და მათი ლიცენზია, რომელიც ითვალისწინებდა ერთ მანქანაში 50 ლარის მერიისთვის გადახდას, ეს ლიცენზია 50 ლარიდან შემცირებულიყო 15 ლარამდე, რათა არ გაზრდილიყო მგზავრობის ტარიფი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დაახლოებით სამი კვირის წინ მოკლე გზაზე მგზავრობის ტარიფებმა მოიმატა, 40 თეთრიდან გახდა 50 თეთრი და ამას მოყვა დიდი საპროტესტო აქცია.
მერიამ ახლა იფიქრა, ეს როგორ დაერეგულირებინა, გასაგებია, რომ მგზავრებს და მოსახლეობას არ გაეზრდებათ ტარიფი, მაგრამ მერიამ ამ შემთხვევაში ლობირება გაუწია კერძო ბიზნესს და მათ გადასახადი ერთ კონკრეტულ მანქანაზე შეუმცირა 50 ლარიდან 15 ლარამდე. ეს ყველაფერი იწვევს ბიუჯეტის შემცირებას ორმილიონნახევრით. ეს არის კატასტროფა. იმის მაგივრად, რომ დღეს ბიუჯეტი იზრდებოდეს ბიუჯეტის შემოცულობების ნაწილი მცირდება, რადგან კერძო კომპანიებს შეუმცირეს ნებართვების საფასური”, – განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.
დეპუტატის განცხადებებს უმრავლესობის მხრიდან მოჰყვა გამოხმაურებები.
“2010 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად, თბილისის მიკროავტობუსს შეეძლო ნებისმიერ დროს გაეძვირებინა ტარიფი, ამისთვის საჭირო იყო, რომ ერთი თვით ადრე მხოლოდ წერილით ეცნობებინა თბილისის მერიისთვის. ახალი რეგულაციით, იმისათვის რომ თბილისის მოსახლეობას არ გაძვირებოდა მგზავრობა, ტარიფის რეგულირება გადმოვიდა მერიის კომპეტენციაში. მოხდა შესაბამისი შეთანხმება და ამიერიდან თბილისის მერია და საკრებულო განსაზღვრავს ტარიფს, რათა თბილისელებს არ გაუძვირდეთ ტარიფი”, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მისივე თქმით, თუკი ეს ცვლილება არ განხორციელდებოდა თბილისის მიკროავტობუსს შეეძლო გაეძვირებინა მგზავრობა.
რაც შეეხება კომპანიებისთვის ტარიფის შემცირებას, სამუშიას განმარტებით, შედგა კომპანიასთან გარკვეული შეთანხმება, რათა ამ კომპანიებსაც არ ჰქონოდა ზარალი,შეთანხმება შედგა და ტარიფს დააწესებს თბილისის მერია და თბილისის საკრებულო.
მისივე თქმით, თბილისელებს არ გაუძვირდებათ მგზავრობის ტარიფი.