ავტორი: ნინო ცხადაია
იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვებაა და ადამიანები არსებობისთვის იბრძვიან, საკონსტიტუციო სასამართლო 176 150 ლარად ღირებულ ავტომობილ Toyota Land Cruiser 200-ს და 124 ათას ლარად შეფასებილ ორ Toyota Camry -ს ყიდულობს. მეტიც, როდესაც მის თავმჯდომარეს აღნიშნული ფაქტის ახსნას სთხოვენ, ის პასუხობს, რომ ამ ავტომობილების შეძენით სასამართლომ „ბიუჯეტში დარჩენილი ნაშთი აითვისა“.
აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე თვეში გამოქვეყნდა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ განაცხადა, რომ მოსამართლეებს მაღალი სტატუსი აძლევთ საშუალებას, ისარგებლონ ისეთი ავტომობილით, რომლის შეძენის შესაძლებლობასაც ბიუჯეტი აძლევთ.
„2016 წლის ნოემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ბიუჯეტში დარჩა ნაშთი, რომლის ათვისებაც წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა და გადავწყვიტე, ძველი მანქანების პარკი გამეახლებინა. ლაპარაკია 2007-2008 წლებში გამოშვებულ ავტომობილებზე, რომლებიც შეკეთებას საჭიროებდა. ადრე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ორი ავტომობილი ჰყავდა: “ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200” და S-კლასის “მერსედესი”, მე კი გადავწყვიტე, ორი ძვირად ღირებული ავტომობილის ნაცვლად, ერთი შეგვეძინა”, – განაცხადა „კვირის პალიტრასთან“ ზაზა თავაძემ.
ასეთი ფაქტები ბევრია, როცა საჯარო მოხელეები ხალხის მიერ გადახდილი ფულებით კომფორტს იწყობენ, ასე მაგალითად, „მეტრონომს“ ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა, რომ როდესაც საქმე მანქანას ეხება, მისი საწვავი, შეკეთება, ზეთის გამოცვლა თუ სხვა სერვისიც ბიუჯეტის ფულით ფინანსდება. როგორც ის ამბობს ამას „ხალხის ჯიბეებში ქექვა“ ჰქვია.
„ამ ავტომობილების საწვავის ჩასხმა გვიწევს ბიუჯეტიდან. ჩვენ არაერთი კვლევა ჩაგვიტარებია, სადაც საწვავთან დაკავშირებით, ძალიან დიდი დანახარჯებზეა საქმე. ამ ავტომობილების დაზღვევაც ჩვენ გვიწევს. ავტომობილს საბურავი უცვდება თუ ზეთია გამოსაცვლელი, მათ შორის ჩვენი ბიუჯეტიდან ვიხდით. ჩვენ ვიხდით, თბილისელები, ეს მარტო მანქანის მომსახურება ხომ არ არის“ – აღნიშნა ხაბეიშვილმა „მეტრონომთან“.
გარდა ამისა, ხაბეიშვილი ამბობს, რომ საქალაქო სამსახურებში დასაქმებულებსაც 100-ზე მეტი ავტომობილი ემსახურებათ.
„სსიპ-ებსა და აიპებ-ზეც რომ გადავიდეთ, კატასტრუფულ ციფრზე ავალთ, როცა დავთვლით თანამშრომლებს რამდენი ავტომობილი ემსახურებათ. ეს არის აუცილებლად გადასახედი. მე სულაც არ ვფიქრობ, რომ საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეებს, ან განყოფილების უფროსებს უნდა ემსახურებოდეს ავტომობილი. შეიძლება ერთი ოპერატიული ავტომობილი იდგეს საქალაქო სამსახურებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 10-15 ადამიანს ემსახურებოდეს ავტომობილი.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას რაც შეეხება, სასაცილოა. ეს რანაირად შეიძლება – თურმე ფული მორჩა. მერე დააბრუნე ფული ბიუჯეტში და სხვა კეთილი საქმისთვის გამოიყენე. თურმე, ნაშთი დარჩათ და რა ექნა, ადგა და ჯიპი იყიდა.
საქართველოში რომ ჩინოვნიკები დადიან ჯიპებით და ემსახურებათ ასეთი ავტომობილები, არც ერთ სხვა ნორმალურ, დალაგებულ ქვეყანაში არ ხდება. წარმოუდგენელია, თქვენ ვერ დაგვისახელებთ ანალოგიურ მაგალითს.
ცალსახად, ეს არის მანკიერი დამოკიდებულება, რომელიც წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა, თუმცა ამ ხელისუფლებამ უფრო გაამძაფრა, ამ მიმართულებით არცერთი ნაბიჯი გადაუდგამთ. შესაბამისად ეს არის ადამიანების ჯიბეებში ქექვა, ბუჯეტის არამიზნობრივი ხარჯი. ქვეყანა რომ წინ მიდიოდეს, დასაქმების ადგილები რომ ეყაროს და ხალხი ზარმაცი იყოს, სამუშაო ადგილები იყოს და არ მუშაობდნენ, კი ბატონო, არ მოვიკითხავ ამ თემას არასდროს, მაგრამ ეს აქტუალური თემა ხდება მაშინ, როდესაც ეკონომიკა წინ ვერ მიდის, ქვეყანა ვერ ვითარდება“ – აღნიშნა „მეტრონომთან“ ლევან ხაბეიშვილმა.
როგორც „მეტრონომთან“ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, მაშინ როდესაც კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში 35% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ კრიტერიუმებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების გადაცემის მხრივ გამკაცრებულია, ასეთი საქციელი უბრალოდ ნაძირლობაა.
„ეს არის აღმაშფოთებელი, მაქვს განცდა, რომ საერთოდ არ ცხოვრობენ ეს ადამიანები ამ ქვეყანაში და საერთოდ არ ადარდებთ დანარჩენი მოქალაქეების ბედი, იმიტომ, რომ არაფერს ვაჭარბებ, ისინი ცხოვრობენ უკიდურეს გაჭირვებაში და ამ დროს ამბობ, რომ ნაშთი დამრჩა და მანქანა შევიძინეო. თან ორი მანქანა ემსახურებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ერთი ჯიპი და ერთი „სედანი“. ამ დროს როცა გამოდიხარ და ამბობ, რომ თანხა დამრჩა და მოდი ბარემ 176-ათასიან მანქანას ვიყიდი, ეს არის ნაძირლობა და ღორობა. შეიძლება რაღაც რბილი სიტყვა შევურჩიოთ, მაგრამ ეს არის უბრალოდ ღორობა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რბილი სიტყვების შერჩევა. ასე იქცევიან მხოლოდ ღორები და არავინ სხვა“ – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
საკრებულოს წევრი ამბობს, რომ როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, საერთოდ აცდა ხალხს და არსებულ რეალობას.
„ასეთ გაჭირვებაში, კვლევის შედეგი გამოქვეყნდა და 35 % სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, თან მაშინ როდესაც გამკაცრებულია კრიტერიუმები. რაღაც ძველი მაცივარი „მინსკი“ უპოვეს ოჯახს, ძველთაძველი ტელევიზორი, ამის გამო ვერ მოხვდა ის ოჯახი სოციალურად დაუცველთა პროგრამაში. ამ ფონზე, როდესაც შენს თავს ასეთი რამეების უფლებას აძლევ, შემდეგ გამოდიხარ ხსნი, რომ ფული დარგჩა… დაებრუნებინა ბიუჯეტში ის თანხა, ევლო იმ ორი მანქანით, რა იყო, ვერ ეტეოდა იმ ორ მანქანაში? მაინცდამაინც იმ ახალთახალი მანქანით უნდა ევლო?
ზრუნავენ მხოლოდ თავის ფუფუნებაზე, ოჯახის კეთილმოწყობაზე, სიმდიდრეზე და ჩაფლულები არიან კორუფციაში. ზოგჯერ კორუფცია არ არის მხოლოდ ის, რომ ადგე და პირდაპირ მოიპარო. ესეც კორუფციაა, როდესაც ნაშთი მრჩებაო პირდაპირ ამბობ და მიდიხარ 176 ათასიან მანქანას ყიდულობ, ეს არის პირდაპირ, ღიად, დეკლარირებულად კორუფცია“.
2015 წელს, რადიო „ჰერეთს“ სიუჟეტი თითქმის მსგავს ფაქტზე აქვს მომზადებული, თუმცა, აღნიშნულ სიუჟეტში ნათქვამია, რომ 19 800 ლარად ნაყიდი გამგეობის მანქანა არც მეტი, არც ნაკლები, დეპუტატის საკუთრებაში მოხვდა.
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2011 წელს ავტომობილი “მერსედეს ბენცი E 500” იყიდა, რომელშიც თითქმის 20 000 ლარი გადაიხადა. 2014 წელს კი ავტომობილი 5 880 ლარად გაყიდა. ავტომობილს თავდაპირველად სხვა მფლობელი ჰყავდა, თუმცა როგორც რადიო “ჰერეთმა” მოიკვლია, ამ ავტომობილის მფლობელი დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი გოზალიშვილია“- წერს რადიო „ჰერეთი“.
ამ ყველაფრის ფონზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მანქანით მომსახურებაზე, რომელშიც შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ qartli.ge-ს ინფორმაციით, ბიუჯეტის ფული დახარჯა, კერძოდ კი მანქანაში ხუნდები, დისკები და ქსენონის ნათურები დააყენა, მან ბიუჯეტის ფული პირადი კომფორტისთვისაც გამოიყენა და ახალი სამუშაო მაგიდა, სამი ლეპტოპი, და 200 ლარის ოდენობის ყავა შეძინა. ჯამში კი პირადი მოხმარებისთვის 1260 ლარი ბიუჯეტიდან გადაიხადა.
Qartli.ge წერდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ იმავე თვეში მიიღო დადგენილება, რომ წელიწადში მარტოხელა, სოციალურად დაუცველ ადამიანს 100 ლარი მიეცემა. თებერვლის თვეში კი გუბერნატორის აპარატის მიერ შეძენილი ,,ჯაკობს მონარქისთვის” საჭირო რაოდენობის თანხა (200 ლარი), გორში, ორ მარტოხელა პირისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობაა.
ხელისუფლება იცვლება, საზოგადოებას კი მოლოდინი აქვს, რომ ეს ცვლილება უკეთესობისკენ წაგვიყვანს. თუმცა ის, რასაც წინა ხელისუფლების დროს ვუჩიოდით, “მეტრონომის“ რესპოდენტები ამბობენ, რომ არ შეცვლილა, მეტიც, რესპოდენტები ამბობენ, რომ კორუფცია ახლა უკვე დეკლალირებულია და არსებობს კორუფცია, სადაც გაჭირვებული ხალხის ფული ტრიალებს.
„ამაზე ხმამაღლა უნდა ვიმსჯელოთ და შევარცხვინოთ“ – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა „მეტრონომთან“.