ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უნდა გავერთიანდეთ ყველა, ვისთვისაც ქალის მსხვერპლშეწირვა მიუღებელია!”

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი, პარლამენტარი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში 4 შვილის დედის გარდაცვალებას ეხმაურება:

 

„4 შვილის დედა ყოფილმა ქმარმა ელექტროსადენით გაგუდა… შეძრწუნებული ვარ!

 

 

ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვებსაც ვერ პოულობ. უბრალოდ, გინდა, იყვირო და ყველას მიაწვდინო ხმა, გააგებინო, რომ ეს თითოეულს გვეხება.

 

მე არ მჯერა, რომ კაცი, ზოგადად, მოძალადე, აგრესორი და ცოლის მკველია. და როცა ასეთი გამოჩნდება, მას ვინმე რამე მიზეზით ამართლებდეს.

 

ახლა კაცებმა უნდა აიმაღლონ ხმა, რადგან მათმა სიჩუმემ ხვალ შეიძლება, მათი ქალიშვილები და დები აქციოს მსხვერპლად.

 

ზუსტად ახლა უნდა გავერთიანდეთ ყველა, ვისთვისაც ქალის მსხვერპლშეწირვა მიუღებელია. ერთმანეთს უნდა მივაწვდინოთ ხმა და გავაძლიეროთ ერთმანეთი.“ – წერს ნინო წილოსანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, 40 წლის ქალი ელექტროსადენით გაგუდული იპოვეს.  მირანდა ვაჩეიშვილს ოჯახი ერთი დღის განმავლობაში ეძებდა. დანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ვაჩეიშვილის ყოფილი ქმარი – გიორგი ჯანაშვილი დააკავა, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ჯანაშვილს ამ დროისათვის აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

მირანდა ვაჩეიშვილს 4 შვილი დარჩა. მათ შორის სამი არასრულწლოვანია. როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, ვაჩეიშვილს ყოფილი ქმარი, რომელთანაც რამდენიმე წელია, აღარ ცხოვრობდა, გამუდმებით ემუქრებოდა. ოჯახისვე ინფორმაციით, მირანდა ვაჩეიშვილმა პოლიციას დახმარებისთვის არერთხელ მიმართა.

იტვირთბა....