ქვეწარმავლების სიმრავლის გამო, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთის სკოლაში სასწავლო პროცესი ორი დღეა შეწყვეტილია. ვითარების გასაცნობად ადგილზე სპეციალური ჯგუფი დედაქალაქიდან ჩავიდა და გველების ახალ კერებს სწავლობენ.
ექსპერტების შეფასებით, ქვეწარმავლები ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, თუმცა ტერიტორიაზე სპეციალური პრევენციული ღონისძიებები მაინც გატარდა. სკოლის კედლებში არსებული ხვრელები და ნაპრალები დაილუქა. ტერიტორიის სპეციალური ხსნარით შეწამლა მოხდა.
კახეთში ადგილობრივები გველების სიმრავლეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ წლებია მათ ეს პრობლემა აწუხებთ. როგორც გიორგეთის სკოლის დირექტორი თამარ მაისურაძე აცხადებს, სიტუაცია საგანგაშოა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ გიორგეთში სასწავლო პროცესი სკოლაში მას შემდეგ შეწყდა, როდესაც ერთ-ერთ საკლასო ოთახში ქვეწარმავლები გამოჩდნენ. განათლების სამინისტროს განცხადებით, მოსწავლეებს გაცდენილი დღეები შაბათის ხარჯზე აუნაზღაურდებათ.