აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

მოსამართლის ცემაზე დუმილი, კრიტიკაზე კი – ცენზურა: რას ემსახურება ევა გოცირიძის ინიციატივა

ავტორი: მანა ნოდია


მოსამართლეების კრიტიკის გამო პოლიტიკოსები და ჟურნალისტები შეიძლება დაისაჯონ. ამ ინიციატივის ავტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ევა გოცირიძეა, რომელმაც პროექტი იუსტიციის საბჭოში უკვე წარადგინა და როგორც თავად ამბობს, კოლეგების მოწონებაც დაიმსახურა. გოცირიძე აპირებს საკუთარ ინიციატივას კანონპროექტის სახე მისცეს.
ინიციატივის მიხედვით, შესაძლოა რეგულაციები დაუწესდეს პირს, რომელიც მოსამართლეებს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებს.
ამ ეტაპზე გაურკვეველია რა სახის რეგულაციები შეიძლება დაწესდეს, რადგან ინიციატივას დოკუმენტის სახე არ მიუღია, თუმცა, კანონპროექტის პარლამენტში გაგზავნამდე იუსტიციის საბჭოს ინიციატივა იურისტებისა და არასამთავრობოების მხრიდან უკვე გახდა მწვავე პროტესტის მიზეზი.
სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, კრიტიკის სიმწვავეზე გავლენა დამატებითმა რეგულაციებმა არ უნდა იქონიოს:
„მაშინ შემოვიღოთ აბსოლუტურად ყველა პროფესიულ ჯგუფზე და ნახევარი საქართველო გამოვკეტოთ ციხეში. მე ვერ მოვისმინე ვერანაირი არგუმენტი, თუ რატომ არის საჭირო ასეთი ცვლილების განხორციელება. სასამართლოსადმი პატივისცემა უნდა გაზარდოს პირველ რიგში, სწორედ, სასამართლომ და იმ გადაწყვეტილებებმა, რომელიც იქნება სამართლიანი და საზოგადოებას გაუჩნდება უფრო მეტი ნდობა სასამართლო ინსტიტუტების მიმართ,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ნანუაშვილის სიტყვების შემდეგ თავისუფლად შეგვიძლია გავიხსენოთ ერთი საქმე, რომელიც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი მიქაუტაძის ცემის ფაქტს ეხება. იმ ფონზე, რომ მიქაუტაძის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის საქმე ჯერ კიდევ სასამართლო პროცესშია და ბრალდებული მხარეები საკუთარი პოზიციის დაცვას და გამართლების მოპოვებას ცდილობენ, რეგულაცია მოსამართლის კრიტიკაზე მხოლოდ ცენზურის დაწესების ასოციაციას იწვევს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანიც მიიჩნევს, რომ ინიციატივას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა უდევს საფუძვლად. როგორც მან „მეტრონომთან“ განაცხადა, ამ ინიციატივაში მოსამართლეთა დაცვა არ ჩანს:
„ამ ინიციატივის ერთადერთი მიზანი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა. აქ მოსამართლეთა დაცვა არ ჩანს. კონკრეტულად, ჩემ მიმართ, შიდა ქსელში გავრცელებულ ინფორმაციებზე, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ევა გოცირიძესთანაც შევიტანეთ, რაიმე რეაქცია ვიხილეთ? ამ ხალხს ეს ინტერესი არ აქვს. ეს კეთდება იმისთვის, რომ გაიმტკიცეს ხელისუფლება და ახლა კრიტიკის მოსმენაც არ აინტერესებთ სასამართლოსთან დაკავშირებით.
„მეტრონომი“: საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი მიქაუტაძის ცემის ფაქტზე პროცესი დღესაც მიმდინარეობს და დასჯილი ჯერ კიდევ არავინ არის, ხოლო გოცირიძის ინიციატივა გულისხმობს მხოლოდ კრიტიკაზე შეზღუდვის დაწესებას. თუ მოსამართლეების შეურაცხყოფისგან დაცვა გვინდა, ალბათ პირველ რიგში, ფიზიკური შეურაცხყოფისგანაც უნდა დავიცვათ…
მამუკა ახვლედიანი: „მაშინ დაცვაც ავუყვანოთ… ეს წარმოუდგენელი პროცესია. უნდათ რომ მოსამართლეებს რაღაცის გაკეთებას რომ დაავალებენ, იმის გარანტიაც მისცენ, რომ ამაზე ვერავინ ვერ ისაუბრებს“.
„მეტრონომი“ ასევე დაუკავშირდა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელს, ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილს. მისი თქმით, ინიციატივის პირველადი სახეც კი ცენზურის სურვილზე მიუთითებს. „მეტრონომთან“ მის მიერ გაკეთებული ანალიზის მიხედვით, ჩანს, რომ ინიციატივამ შეიძლება მოსამართლეების მიმართ კრიტიკა შეზღუდოს.
არჩილ კაიკაციშვილი: „ინიციატივას დასაბუთება და მიზანი უნდა ჰქონდეს, თუ რას ემსახურება ის. ამავდროულად, უნდა ჩანდეს აღნიშნული საკითხის განხორციელების შემთხვევაში, რა იქნება საზოგადოებისთვის სიკეთე. იუსტიციის საბჭოს მიერ მოწონებული ეს ინიციატივა უნდა დაზუსტდეს რა არის -მოსამართლეების შეურაცხყოფისგან დაცვის პრევენცია თუ მოსამართლეების კრიტიკის დაუშვებლობის მცდელობა. ამისთვის ჯერ ჩამოყალიბებული დოკუმენტი უნდა ვიხილოთ და საფუძვლიანი დასკვნების გაკეთების საშუალება შემდეგ გვექნება. ერთია პირველადი ინიციატივა, თუმცა მსჯელობის შემდეგ რა ფორმას მიიღებს, არ ვიცით.
ზოგადად, მოსამართლის მიმართ შეუარცხყოფის ფაქტი თვისთავად მიუღებელი და დასაგმობია და მისი ხარისხიდან გამომდინარე, ის შეიძლება სამართლებრივი დავის საგანიც გახდეს. ამ დოკუმენტის ცალკეული კომენტატორების აზრს თუ მოვუსმენთ, ცვლილების მიზანი გაცილებით მეტია, ვიდრე შეურაცხყოფისგან დაცვა – საქმე ეხება კრიტიკის შეზღუდვას. მნიშვნელოვანია მოსამართლის შეურაცხყოფისგან დაცვა და ამის შესახებ ჩანაწერის არსებობა, რათა ჩვენ შევძლოთ ამ ჩანაწერების შემდგომი პროპორციულობის, დასაშვებობის, მისაღებობის და რელევანტურობის საკითხის განხილვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ევროსასამართლო დასაშვებად მიიჩნევს სასამართლოს კრიტიკას და მისი ფარგლები შეადარა იმ ყვავილს, რომელიც კრიტიკის შედეგად არ შეიძლება დაჭკნეს.
„მეტრონომი“: როდესაც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი მიქაუტაძის ცემის ფაქტი კვლავ სასამართლო პროცესშია და ბრალდებულების მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, შესაბამისად, მოსამართლე ფიზიკურად არ არის დაცული, ამ დროს მოსამართლეების „დაცვა“ კრიტიკისგან რამდენად ლოგიკურია?
არჩილ კაიკაციშვილი: „ჩვენ ვიდრე სასამართლო სისტემაში შეურაცხყოფის დოკუმენტის რეგულაციებს გავეცნობით, ავტორებმა უნდა დაგვისაბუთონ, რასთან დაკავშირებით გახდა ეს ინიცატივა საჭირო. პროფესიულ წრეებში საფუძვლად საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე გარემოება სახელდება, მათ შორის მიქაუტაძის შეურაცხყოფის ფაქტიც. მეორე – „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლეების მიმართ გამოთქმული შეხედულებები და ბრალდებები, მესამე-თავად ამ ინიციატივის ავტორის მიმართ ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობის პერიოდში გამოთქმული ცალკეული შეხედულებები და ცალკე აღებული ის რეზონანსული საქმეები, რომელიც სისტემური რეჟიმის შედეგს წარმოადგენს. თითოეული ეს ეპიზოდი თავისი ქრონოლოგიით და მტკიცებულებით ხასიათდება და არცერთი მათგანი არ ქმნის საზოგადოებაზე სასამართლოს მხრიდან ცენზურის განხორციელების საშუალებას, რადგან, თუ მიქაუტაძეს მიაყენეს შეურაცხყოფა, ეს შეურაცხყოფა დანაშაულია თავისი ფორმით და სიმძიმით და სამართლებრივი პასუხისმგებლობის პროცესი მიმდინარეობს, ანუ რეაგირება მოხდა.
თუ „რუსთავი 2“-ის საქმეს ვგულისხმობთ, მომჩივანს აქვს უფლება იდავოს, მათ შორის ევროსასამართლოში მოსამართლეების მიკერძოების საკითხზე, რაც პირველ ეტაპზე მხარემ წარმატებით მოახერხა. თუკი ევა გოცირიძე მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამო ამ ინიციატივის საჭიროებებზე საუბრობს, გოცირიძემ ვიღაცისთვის მისაღები და ვიღაცისთვის მიუღებელი არგუმენტებით, მის მიმართ გამოთქმული ყველა ბრალდება გააქარწყლა. შესაბამისად, ამგვარ შემთხვევებს დღევანდელი კანონმდებლობა შესანიშნავად არეგულირებს და რატომ არის აუცილებელი დამატებითი რეგულაცია და ვის აქვს საზოგადოებისთვის ცენზურის დაწესების სურვილი? სწორედ ამიტომ, როცა ეს დოკუმენტი შეიქმნება, ის უსერიოზულესი განხილვის საგანი გახდება“. – განაცხადა კაიკაციშვილმა „მეტრონომთან“.
„მეტრონომი“ შეეცადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრსა და ინიციატივის ავტორ, ევა გოცირიძესთან დაკავშირებას, თუმცა საბჭოს პრესცენტრში განგვიცხადეს, რომ მას შეხვედრა აქვს, ხოლო შემდეგ საზღვარგარეთ მიფრინავს, ამიტომ ევა გოცირიძის კომენტარი თემაზე ვერ მივიღეთ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია კი განმარტავს, რომ ინიციატივას კანონპროექტის სახე არ აქვს და ჯერ მხოლოდ მსჯელობის საგანია:
„გარკვეული არგუმენტები შემოთავაზებულია, თუმცა ამას არავითარი სახე არ აქვს, არც კანონპროექტის და არც რაიმე საკანონმდებლო წინადადების. მოსაზრების, დისკუსიისა და განსჯის ეტაპზეა საუბარი, რომ გარკვეული ზღვარი იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლებასა და იმ დასაშვებ კრიტიკას შორის, რომლის მიღმა უკვე შეიძლება სასამართლოს შეურაცხყოფის, ან ზემოქმედების შემადგენლობა იყოს. „სისხლის სამართლის კოდექსში“ მოქმედი ნორმაა, რომელიც სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას, ან ხელის შეშლას ეხება და ეს ისედაც დასჯადი ქმედებაა, მაგრამ რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, თქვენ იცით, რომ კონვენცია და კონსტიტუცია ამ უფლებას იცავს, მაგრამ ეს აბსოლუტური უფლება არ არის. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს და შეგვიძლია, აქედან ვიხელმძღვანელოთ, როდის შეიძლება კრიტიკა დასაშვებად ჩაითვალოს და როდის ირღვევა ადამიანის პატივი და ღირსება. ამ თემაზე დისკუსიის გახსნა ურიგო არ იქნება, რათა გარკვეული ჩარჩო არსებობდეს“, – აცხადებს ბესელია.
არასამთავრობოების ნაწილი კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას კრიტიკულად აფასებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ამით სასამართლო ვეღარ განვითარდება.
დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა კორპუსის კრიტიკასთან დაკავშირებით ევა გოცირიძის ინიციატივას ერთხმად დაუჭირა მხარი. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ ტექსტზე, რომელიც მოსამართლეთა კრიტიკის აკრძალვასთან არის დაკავშირებული.

ევა გოცირიძის მოსაზრებით, კრიტიკა დასაშვებია, თუმცა არა შეურაცხყოფა:
“ჩვენ ეს განცხადებები დავაჯგუფეთ გარკვეული კატეგორიების მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს სრულიად მიუღებელი ეპითეტების გამოყენებასთან მოსამართლეების მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს მოსამართლეების მიმართ სიძულვილის გაღვივებასთან, მათდამი მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბების მცდელობასთან. ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს მოსამართლეების დაშინებასთან, მათ შორის სამსახურის დაკარგვის მოთხოვნასთან დაკავშირებით ისევე როგორც იყო შემთხვევები საჯარო განცხადებებისა სასამართლოს გადაწყვეტილებებისადმი დაუმორჩილებლობის თაობაზე”, – განაცხადა ევა გოცირიძემ იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.
განცხადების ტექსტს, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდება, იუსტიციის საბჭო სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადაუგზავნის.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მოსამართლეების, ისევე როგორც ნებისმიერი რიგითი მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობა ან შეურაცხყოფა დასაგმობია და კანონით მსგავსი ქმედებები ისედაც ისჯება. დამატებითი რეგულაციების შემოღება კი თუ რატომ არის საეჭვო, ამის შესახებ „მეტრონომთან“ უკვე ისაუბრეს სპეციალისტებმა. მსგავსი ინიციატივის დროს უნდა არსებობდეს დასაბუთება და ინიციატივის აუცილებლობის ლოგიკური ჯაჭვი ისე, რომ საზოგადოებაში არ გაჩნდეს კითხვა – ინიციატივა მოსამართლეების დაცვას უფრო ემსახურება, თუ რომელიმე პოლიტიკოსის, ან მედიასაშუალებების გაჩუმებას…

იტვირთბა....